“მეჩვენება, ბელარუსის მოვლენებთან დაკავშირებით პუტინი და მისი რეჟიმი დაბნეულია” – ინტერვიუ ირაკლი მენაღარიშვილთან

მძიმე ვითარებაა ბელარუსში, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა საპრეზიდენტო არჩევნებს შედეგებს აპროტესტებს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემების თანახმად, ლუკაშენკომ არჩევნებში ხმების 80.08%-ით მოიგო, ხოლო მისმა მთავარმა მოწინააღმდეგემ სვეტლანა ტიხანოვსკაიამ – 10.09%. მას შემდეგ, რაც კენჭისყრა დასრულდა, 9 აგვისტოს საღამოს, მინსკის ცენტრში და რესპუბლიკის ზოგიერთ სხვა ქალაქში დაიწყო მასობრივი საპროტესტო აქციები, რომლებიც გადაიზარდა შეტაკებებში სამართალდამცავებთან. ამ დროის განმავლობაში, ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დააკავეს დაახლოებით ექვსი ათასი ადამიანი, დაშავდა ათობით პოლიციელი და დემონსტრანტი.

როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები ბელარუსში და ხომ არ ჩანს რუსეთის კვალი ამ პროცესებში? – ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე „აიპრესთან“ ინტერვიუში საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი საუბრობს:

ირაკლი მენაღარიშვილი: როგორც მოგეხსენებათ ბელარუსი ცოტა სპეციფიური და სხვებისგან განსხვავებული ქვეყანაა. მით უმეტეს იმ ხელმძღვანელის ხელში, რომელიც მას მართავს დამოუკიდებლობის მიღების დღიდან. რა თქმა უნდა ლუკაშენკო მყავს მხედველობაში.

მოვლენების მსვლელობაში მოულოდნელობის ეფექტიც არსებობდა. ის, რომ საზოგადოების პროტესტი გამოვლინდებოდა ამგვარი მასობრივი სახით, მე მგონი ამას არავინ ელოდა. მიუხედავად იმისა, რაც ამ არჩევნებისას ჩაიდან ბელარუსის ხელმძღვანელობამ ეს ყოველგვარ საზღვარს სცილდებოდა.

თვალყურს როცა ვადევნებთ მოვლენებს და ვუსმენთ ხალხს, გასაგები ხდება, რომ იქ სრულიად მიუღებელი სიტუაციაა შექმნილი. ის ტერორი, რაც ლუკაშენკომა დაატრიალა ქუჩაში გამოსული აბსოლუტურად მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, ეს ცივილიზებული სამყაროსთვის სრულიად მიუღებელია.

ძნელი სათქმელია როგორ განვითარდება მოვლენები. იმიტომ, რომ ერთი მხრივ სიურპრიზის გახლდათ, რომ ბელარუსებმა დაბეჯითებით მოითხოვეს თავისი მოთხოვნების შესრულება. უკვე მერამდენე დღეა ყოველდღიურად ქუჩები ივსება პროტესტანტებით, იმის მიუხედავად, რომ მათ წინააღმდეგ საშინელი ტერორია.

_ ეს აჩენს თუ არა იმედს, რომ ბელარუსში გაჩნდა პროევროპელი მოძრაობები და ბელარუსი უფრო მეტად ითხოვს დემოკრატიას, ვიდრე ეს აქამდე იყო?

_ რა თქმა უნდა. ეს უდავოა და ამაში ეჭვი არავის არ უნდა შეეპაროს. ერთი რაც ამ მოძრაობას აკლია, ეს არის ისეთი ორგანიზაციული ელემენტი, როგორიც არის მკაფიოდ ჩამოყალიბებული პროგრამა მოქმედების. მკაფიოდ ჩამოყალიბებული მოთხოვნები ხელისუფლების მიმართ და ამ პროცესების მართვის ერთიანი ცენტრი.

_ ოპოზიციაში ლიდერების პრობლემაც ხომ არ არის?

_ რა თქმა უნდა. ეს აძლევს საშუალებას ლუკაშენკოს და მის დამქაშებს, რომ თავის ჭკუაზე აკეთონ ის, რაც მათ სურთ. რეალური შიში და შეშფოთება მმართველ ძალაში გაჩნდა მას შემდეგ რაც სამრეწველო საწარმოების მუშებმა დაიწყეს ჩართვა ამ პროცესში. იცით თქვენ, რომ გაფიცვები და გამოსვლებია მსხვილი ინდუსტრიული საწარმოებისდან და ამან გააჩინა შეშფოთება.

_ რუსეთი სად არის ამ პროცესში. მოგეხსენებათ, რომ არც თუ ისე თბილი ურთიერთობა არსებობდა პუტინსა და ლუკაშენკოს შორის ბოლო პერიოდში და ხომ არ ეცდება ამ ვითარების გამოყენებას? საინტერესოა ისიც, აწყობს თუ არა საერთოდ მას ოპოზიციის მოსვლა? საით გადაიხრება და როგორ შეიძლება გამოიყენოს ეს ვითარება?

_ სრულიად წარმოუდგენელია ლუკაშენკოს მიუღებლობის გამო პუტინმა და მისმა ხელისუფლებამ მხარი დაუჭიროს დემოკრატიულ ძალებს. ეს წარმოუდგენელია. მეჩვენება, რომ პუტინი და მისი რეჟიმი აღმოჩნდა ცოტა გაურკვევლობაში და ამგვარი სიტუაციის გამო დაბნეულია.

ერთი მხრივ მას გულზე არ ეხატება ლუკაშენკო და მისი პოლიტიკა. მეორე მხრივ ეს არის დემოკრატიული რევოლუცია და ამასთანავე მშვიდობიანი. დღეები გავიდა და საპროტესტო გამოსვლებში ხალხის რაოდენობა არ მცირდება, არ იღლება ხალხი და პირიქით საშინელი დამოკიდებულების გამო, რაც პოლიციას აქვს დემონსტრანტების მიმართ, ისინი კიდევ უფრო გაბრაზებულები ჩანან. ამიტომ, ბატონი პუტინი თავად არ არის კარგ დღეში.

_ საქართველოს ხელისუფლების პოზიცია სწორია, როცა ვინარჩუნებთ დუმილს? რა პოზიცა უნდა დავიკავოთ, მაშინ როცა ერთი მხრივ კარგი ურთიერთობა გვაქვს ლუკაშენკოს ხელისუფლებასთან, მაგრამ მეორე მხრივ ვართ პროევროპული სახელმწიფო და ხომ არ უნდა გამოვხატოთ მხარდაჭერა დემოკრატიული პროცესების მიმართ?

_ ქართულ საზოგადოებაში ერთმნიშვნელოვნად თავისუფლებისთვის მებრძოლების მხარეზეა მხარდაჭერა. ოფიციალურ პოზიციას რაც შეეხება, თავშეკავებული პოზიცია ჯერჯერობით ალბათ გამართლებულია, მაგრამ მე არ მგონია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ლუკაშენკოს მთავრობას მხარი დაუჭიროს, თუკი რაიმე პრაქტიკული ნაბიჯის გადადგმა გახდება საჭირო.

_ ანუ, ამ ეტაპზე ჩვენი პოზიცია გამართლებულია?

_ ამ ეტაპზე ჩვენ ჯერ პროცესი უნდა განვიხილოთ და გავიგოთ რა ხდება. ერთი მხრივ სრულიად ნათელია და გასაგები პროტესტია ადამიანების მიერ გამოხატული, ხოლო მეორე მხრივ ხელისუფლების სრულიად ადეკვატური რეაქციაა ამ პროტესტზე. ჯერჯერობით სხვა მოვლენებს ვერ ვხედავთ.

საქართველო რა თქმა უნდა თავისუფლების მოყვარე ძალების მხარეს უნდა დადგეს და ალბათ დადგება, მაგრამ ძნელი სათქმელია ამ ეტაპზე რა კონკრეტული ნაბიჯი შეიძლება გადავდგათ ჩვენ.

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად