“მე ფიცი დავდე არა “ქართული ოცნების”, არამედ ქართველი ხალხის წინაშე”

მე ვარ საქართველოს მოსახლეობის მიერ არჩეული პრეზიდენტი. პრეზიდენტი, რომელმაც ფიცი დადო არა „ქართული ოცნების“, არამედ ქართველი ხალხის, საქართველოს მოსახლეობის წინაშე, – ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.

პრეზიდენტი სხვადასხვა კანონპროექტზე მოტივირებული შენიშვნების წარდგენას საკუთარ ვალდებულებად მიიჩნევს. როგორც მან განაცხადა, თუ რომელიმე კანონპროექტი ეწინააღმდეგება ქვეყნის ფუნდამენტურ ინტერესებს არ შეშინდება და გვერდზე არ გადგება.

„ეს ჩემი ვალდებულებაა და თუ დავინახავ, რომ კანონპროექტი ეწინააღმდეგება ქვეყნის ფუნდამენტურ ინტერესებს, არ შევშინდები და არ გავალ ბუჩქებში; არ ვიტყვი, რომ ჩვენ ხომ ერთი გუნდი ვართ და მე სიმართლეს არ ვიტყვი. მიუხედავად იმისა, რომ ამას მოჰყვება პოლიტიკური კამპანიები, შეურაცხყოფა, მაინც ღიად ვიტყვი სიმართლეს, რადგან მიმაჩნია, რომ ეს მნიშნელოვანია საქართველოსთვის. შესაძლოა ეს არ იყოს კომფორტული მმართველი გუნდისთვის, მაგრამ მე ვარ საქართველოს მოსახლეობის მიერ არჩეული პრეზიდენტი. პრეზიდენტი, რომელმაც ფიცი დადო საქართველოს მოსახლეობის, სახელმწიფოს, ქართველი ხალხის წინაშე“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა განმარტა, რომ ყველა მისი პოზიცია თანხვედრაშია „ქართული ოცნების“ პროგრამასთან და მას ამ პროგრამიდან არ გადაუხვევია. იქვე აღნიშნა, რომ პრეზიდენტის „ნაციონალური მოძრაობასთან“ გაიგივება გააძლიერებს ამ პოლიტიკურ ძალას და დაასუსტებს „ქართულ ოცნებას“.

„თუ მოსახლეობას ამას დააჯერებენ, სერიოზულ ზიანს მიაყენებენ საკუთარ თავს. ვერ ვხვდები, ამას რატომ აკეთებენ“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...