„მე მას შევპირდი, რომ გადავარჩენდი“ – ვინ არის ბიჭი, რომელიც მაშველებთან ერთად მუშაობდა მთელი დღეების განმავლობაში

ბათუმში დატრიალებული ტრაგედიისა და შემდეგ დღეებში, მაშველების გმირობაზე და თავგანწირვაზე, ბევრიი დაიწერა და ითქვა. ასობით მათგანი, 30 საათის განმავლობაში ცდილობდა, ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდასა და იქედან ადამიანების ცოცხლად ამოყვანას, სამწუხაროდ უმტეს შემთხვევაში ეს ასე არ მოხდა.

მაშველებს შორის, აშკარად გამოარჩევდით ახალგაზრდა კაცს, რომელიც პირველი წუთებიდან, ბოლო მომენტამდე მათთან ერთად მუშაობდა და ცდილობდა ადამიანების დახმარებას. ეს ადამიანი ლუკა ჩორგოლაშვილი აღმოჩნდა, რომელიც პროფესიით არა მაშველი, არამედ „ბათუმის წყალის“ ტანამშრომელია. სწორედ მან გვახარა, ნანგრევებიდან 37 წლის ზვიად თავდგირიძის ამოყვანა, რომელიც უკვე მომჯობინდა და რეანიმაციიდან, პალატაში გადაიყვანეს.

სწორედ ლუკა იყო ის ადამიანი, ვინც ნანგრევებში მოყოლილს ყველაზე ხშირად ეკონტაქტებოდა და ცოცხლად ამოყვანის იმედს აძლევდა. 11 საათიანი მცდელობა შედეგიანი აღმოჩნდა.

აღმოჩნდა, რომ მიუხედავად მკაცრი კონტროლისა, რიგითი მოქალაქეები, მათივე უსაფრთხოების მიზნით, რისკის შემცველ ტერიტორიაზე არ ყოფილიყვნენ და მითუმეტეს სამაშველო ოპერაციაში ჩართული, ლუკასთან ვერავინ ვერაფერს გახდა. მისი დაჟინებული თხოვნისა და მცდელობის შემდეგ, დახმარებოდა ადამიანებს ცოცხალი ამოსულიყვნენ ნანგრევებიდა, სამაშველო სამსახურის თანამშრომლება ჩაფხუტიც ათხოვეს და ჟილეტიც.
ლუკა ჩორგოლაშვილის გმირობაზე, ჟურნალისტმა ნაზიბროლა რეხვიაშვილმა ვრცელი ფეისბუქ პოსტი დღეს გამოაქვეყნა და მას დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

„იმ საშინელ დღეს, როცა ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს ეძებდნენ, ერთი ახალგაზრდა კაცი ტრაგედიის ადგილს არ შორდებოდა. შორიდან ვუყურებდი, მივხვდი, რომ მაშველი არ იყო, როგორც ჩანს, მისივე უსაფრთხოებისთვის, არ ანებებდნენ სამუშაოებში მონაწილეობის მიღებას.

მერე ჩაფხუტიც მისცეს და ნიჩაბიც, ეტყობა, ვერ “მოიშორეს”, ვერ დაარწმუნეს, რომ გვერდით მდგარიყო.

პოლიციამ ეზოში გაჩერების უფლება არ მოგვცა ჟურნალისტებს, სადარბაზოებში შევცვივდით და მეზობლებმა შეგვიშვეს, მათი აივნებიდან, ზემოდან, უკეთესად ჩანდა, როგორი თავგანწირვით იბრძოდა ყველა იმ ადამიანების გადასარჩენად, ეს ბიჭი კი _ განსაკუთრებით. დაღლილი, გასავათებული მაშველები ერთმანეთს ცვლიდნენ, ის კი არ ჩერდებოდა.
რამდენიმე საათის შემდეგ გავიგეთ, რომ ერთ-ერთ დაზარალებულთან კომუნიკაცია შედგა. ეს ახალგაზრდა იმ ადგილს გააფთრებული წმენდდა, დროდადრო ნანგრევებში მოყოლილ ადამიანს ესაუბრებოდა, ამხნევებდა.

ის კაცი გადარჩა, სწორედ მისი ძალისხმევით გადარჩა.
მეორე დღეს რომ მივედი, სამაშველო სამუშაოები გრძელდებოდა.
შემთხვევით შევხვდი ეზოში, გავაჩერე, ვკითხე სახელი, ლუკა ჩორგოლაშვილი ვარო, მითხრა. ძალიან წუხდა, რომ სხვები ვერ გადაარჩინა. იმ ადამიანს დავპირდი, რომ ცოცხალს ამოვიყვანდი და ამოვიყვანეო. დაღლას ვერ ვგრძნობდი, ცრემლები თავისით მომდიოდა, არ მინდოდა დაჯერება, რომ ვერ ვუშველიდით, ვერ გადავარჩენდით სხვებსო.

“ბათუმის წყალში” ვმუშაობო, მითხრა. მეგობრებში არ მყავს და ასე საჯაროდ ვეტყვი, რომ ნამდვილი ადამიანია, ანუ ისეთია, როგორიც ყველა ადამიანი უნდა იყოს. ჩემი პირადი პატივისცემა და მადლობა მას“,-წერს, ჟურნალისტი, ნაზიბროლა რეხვიაშვილი.
8 ოქტომბერს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. სამაშველო ღონისძიება თითქმის 30 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. დაღუპულია 9 ადამიანი, გადარჩა ერთი. გარდაცვლილებს შორის 3 არასრულწლოვანია.

კომენტარები
იტვირთება...