მდინარე ნატანებზე ნარჩენების დამჭერი მოწყობილობა დამონტაჟდება

შეკვეთილში, მდინარე ნატანების კალაპოტში ნარჩენების დამჭერი მოწყობილობების მონტაჟის სამუშაოები მიმდინარეობს,– ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

გამგეობის ცნობით, აღნიშნული სამუშაოები ტურისტული სეზონისათვის მზადების ღონისძიებათა პროგრამისა და შავი ზღვის სანაპიროს დაბინძურების საწინააღმდეგოდ გასატარებელი ღონისძიებების ფარგლებში ტარდება. 

საპილოტე პროექტი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს კვლევის საფუძველზე და მისი რეკომენდაციით ხორციელდება და განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სანაპირო ზოლის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის.

ნარჩენების დამჭერი ახალი კონსტრუქცია მდინარის დონის მატება-დაკლების შესაბამისად მოძრაობს და მდინარის ზედაპირზე მცურავი ნარჩენების, მათ შორის ნავთობპროდუქტებს შეკავებას უზრუნველყოფს. მოწყობილობა მდინარის ორივე ნაპირზე იმგვარად დამონტაჟდება, რომ ნარჩენებმა თავი მოიყაროს ერთ ადგილას, საიდანაც მოხდება მათი ამოღება და ნაგავსაყრელზე გატანა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია დარჩიაშვილმა, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ შეკვეთილში, მდინარე ნატანების კალაპოტში ნარჩენების დამჭერი მოწყობილობების მონტაჟის სამუშაოები მოინახულეს.

"ეს არის საპილოტე პროექტი, რომელსაც სანაპირო ზოლში სისუფთავის უზრუნველყოფისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. დამონტაჟდა მსუბუქი ნატანის დამჭერი მოწყობილობა ყველაზე წყალუხვ მდინარე "ნატანებზე,“ რომელიც შავ ზღვაში ჩაედინება. სახელმწიფო სტრუქტურები და ადგილობრივი თვითმმართველობა ყველაფერს აკეთებს სანაპიროზე სუფთა და ჯანსაღი გარემოს შესანარჩუნნებლად, თუმცა მოსახლეობის ჩართულობის გარეშე მაქსიმალური ეფექტის მიღება შეუძლებელი იქნება,“- აღნიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ. 

124 230 ლარის ღირებულების სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და ივლისის ბოლოს დასრულდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...