მდინარაძე ვაჩაძეს: იმიტომ ხართ აქ, რომ არსებობს შესაბამისი კანონი, ეს კანონი არის იმიტომ, რომ ინსტიტუცია გაძლიერდეს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ მოსამართლეობის კანდიდატს მაია ვაჩაძეს საქართველოს მმართველობის ფორმისა და სასამართლო სისტემის წინაშე მდგარი გამოწვევების შეფასება სთხოვა მისი სასამართლო სისტემაში მუშაობის პერიოდში, 1999 წლიდან დღემდე.

მოგვიანებით ის ჩაეკითხა კანდიდატს, როგორ შეაფასებს სხავადასხვა ეტაპზე მმართველობის ფორმას ქვეყანაში, ეს იყო დემოკრატიული, ავტორიტარული, ავტოკრატიული, ტოტალიტარიზმი თუ რა ფორმა –„თქვენ რა წარმოდგენა გაქვთ ამ პერიოდზე 2012 წლამდე. ასევე, საქართველოს პარლამენტში რომ დაიდოს პოლიტიკური შეფასება რომ იყო ავტოკრატია, ან ავტორიტარიზმი, ამას როგორ დააკავშირებთ ხანდაზმულობის ვადასთან?“

პასუხის მიღების შემდეგ მან კანდიდატს მიმართა – „სასამართლოში არსებული გამოწვევებიდან გეთანხმებით, რომ 1999-2000-2002 წლებში მთავარი გამოწვევა იყო კორუფცია, შემდეგ რა იყო მთავარი პრობლემა სასამართლოსი?“

დეპუტატი ასევე დაინტერესდა სტანდარტის არასავლდებულოობის საკითხით, სადაც კანონმდებელი იგულისხმებდა, რომ დაბალი სტანდარტი საკმარისი იყო რაღაცა მტკიცებისთვის, – თუნდაც სისხლის სამართალში. –„მაგალითად, ერთი ადამიანი, ვთქვათ დაზარალებული თუ იტყოდა, რომ ამ ადამიანმა ჩემს მიმართ ეს დანაშაული ჩაიდინა, შემდეგ იმას ერთი ირიბი ჩვენებაც თუ „დაამშვენებდა“ ამ ადამიანის მიმართ შეიძლება განაჩენი გამოსულიყო. ამ სტანდარტზე მითხარით მოკლედ, ეს რის პრობლემა იყო და მივიდეთ იქ, ნება რა იყო?

ანუ, ნება იყო თუ არა დამოუკიდებელი სასამართლო? მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკა, მკაცრი პოლიტიკა ფინანსურ სფეროში, ეს გასაგებია, მაგრამ რა იყო ხელისუფლების ნება, დამოუკიდებელი თუ მორჩილი სასამართლო და რამდენად გამოუვიდათ ეს ყველაფერი?“

მან ასევე დასვა კითხვა სტანდარტთან დაკავშირებით. –„თქვენ ამბობდით, რომ მიზანი იყო დანაშაული არ ყოფილიყო, მოსამართლეებს და ზოგადად იურისტებს გვიყვარს საუბარი მტკიცებულებებით, მტკიცებით ფორმაში ვსაუბრობთ, როდესაც სამართლებრივი დოკუმენტი არსებობს, არსებობს შესაბამისად არაერთი განაჩენი, სადაც წერია, რომ ეგრეთ წოდებულ დანაშაულს (იყო თუ არა დანაშაული მეორე საკითხია) როგორ ებრძოდნენ ისინი ძალადობრივი მეთოდებით და თავად ჩადიოდნენ დანაშაულს, მაგალითად ფინანსურ სფეროში იმისათვის, რომ კონკრეტულ ადამიანს ვიღაცისთვის ქონება გადაეფორმებინა და განაჩენებია ამასთან დაკავშირებით, ჩვენ რა შეგვიძლია ვთქვათ იყო თუ არა სასამართლო სისტემაც ნაწილი იმ რეჟიმისა, რომელიც ამ პრეცედენტებს უშვებდა, იყო თუ არა ამაში ჩართული სასამართლო სისტემა მაშინ და „მიზანი ამართლებს საშუალებას“ და დანაშაულს ვებრძოლოთ დანაშაულის ჩადენის გზით აქ რა პარადოქსთან გვაქვს საქმე? როგორია სასამრთლოს როლი ამაში?“

ფრაქციის ხელმძღვანელმა კანდიდატს მიღებული პასუხის შემდეგ კითხვა დაუბრუნა -„ხვალ ხელისუფლებას რომ მოუნდეს, რომ სასამართლო აღარ იყოს დამოუკიდებელი და იყოს ისეთი, როგორც იყო 2003 -12 წლებში ამას ადვილად შეძლებს?

თქვენ იმიტომ ხართ აქ, რომ არსებობს შესაბამისი კანონი და ეს კანონი არის იმიტომ, რომ ინსტიტუცია გაძლიერდეს, დამოუკიდებლობის გარანტია მიიღოს და ხვალ ხელსუფლებას რომ დაჭირდეს ადვილად ვერ გააკეთოს იგივე, რაც გააკეთეს 2003 -12 წლებში და თუ თქვენ მეტყვით, რომ მიუხედავად ამდენი საკანონმდებლო ცვლილებისა ამაოდ ვაკეთებთ ამ ყველაფერს, თუ ეს კანონები ამაოდ იქმნება, თუ ეს პროცესი ტყუილად არის აქ, მაშინ რა გარანტია გვაქვს, რომ ხვალ, წლების შემდეგ, ხელისუფალი, ვინც არ უნდა იყოს, მაინც იგივენაირად დაიმორჩილებს სასამართლოს – სად არის დამოუკიდებლობის გარანტიები მიუხედავად ამდენი ცვლილებისა და ამ გამჭვირვალე პროცესისა?“

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად