მდინარაძე: თუ საპროკურორო საბჭო ირაკლი შოთაძის კანდიდატურას წარმოადგენს, მას მხარს დავუჭერ

ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძე გენერალური პროკურორობის კანდიდატად ირაკლი შოთაძის წარდგენას და აღნიშნა, რომ ის თავისი საქმის პროფესიონალი ადამიანია.

ჟურნალისტის კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ირაკლი შოთაძემ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის საქმეზე პასუხისმგებლობა მხოლოდ დროებით აიღო, მდინარაძემ განმარტა, რომ “იქ ყველაფერი გარკვეულია და გამოძიების მიმართ კითხვის ნიშნები პრაქტიკულად აღარ არსებობს.”

“გუნდის სახელით ჯერ ვერ ვილაპარაკებ, ჩემს პირად პოზიციას გეტყვით, თუმცა არ მგონია, რომ გუნდს განსხვავებული პოზიცია ჰქონდეს. თუ საპროკურორო საბჭო ირაკლი შოთაძის კანდიდატურას წარმოადგენს, მე მას მხარს დავუჭერ. ჩემი აზრით, გუნდიც ამ აზრზე იქნება იმიტომ, რომ ეს არის ღირსეული და პროფესიონალი კაცი. თავის დროზე, ასევე ღირსეული გადაწყვეტილება მიიღო.

თუ ვიღაცას მაინც უჩნდებოდა მის მიმართ კითხვა, რომ ის ხელს შეუშლიდა ხორავას ქუჩის საქმეზე გამოძიებას, მან მიიღო ღირსეული გადაწყვეტილება. თავისი გზავნილით თქვა, რომ ყველა სკამი არის დროებითი და თანამდებობის დატოვება პრობლემას არ წარმოადგენს. როდესაც იქ ყველაფერი გარკვეულია, როდესაც გამოძიება მიდის და კითხვის ნიშნები პრაქტიკულად აღარ არსებობს, მან, როგორც ჩანს, გადაწყვიტა, რომ ისევ იყოს გენერალური პროკურორობის კანდიდატი. როგორც ღირსეულს და თავისი საქმის პროფესიონალს, მე მას მხარს დავუჭერ”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ: გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭოს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა “საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა” წარუდგინა.

ირაკლი შოთაძე 2018 წლის 31 მაისს მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გადადგა, ეს პოსტი მას 2015 წლიდან ეკავა. შოთაძის გადადგომას წინ უძღოდა ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის ოჯახისა და მისი მხარდამჭერების აქციები გამოძიების პროცესში არსებული დარღვევების გასაპროტესტებლად.

ცნობისათვის: საპროკურორო საბჭოს საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე კიდევ ორი კანდიდატი წარედგინა. პროკურატურის ინფორმაციით, იურისტ ირაკლი შოთაძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭოს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა ,,საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა“ წარუდგინა.

დღეისთვის საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე საპროკურორო საბჭოსთვის 9 კანდიდატია წარმოდგენილი.

კონსულტაციები და კანდიდატების წარდგენა 2020 წლის 17 იანვრის ჩათვლით გრძელდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად