მდინარაძე: სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის იდეა პარლამენტში მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში, უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა და აღნიშნა, რომ პარლამენტში კონსტიტუციური ცვლილებების რესურსი არ არსებობს.

„მაშინ, ჩვენ გვჭირდებოდა პრაქტიკულად ყველა დეპუტატის თანხმობა და თუ ყველა დეპუტატი არ დაეთანხმებოდა იმ გადაწყვეტილებას, რაც გუნდმა მიიღო, ეს გადაწყვეტილება ჩავარდებოდა და სამწუხაროდ, ასეც მოხდა. ამ შემთხვევაში გვაქვს საპირისპირო სიტუაცია. ახლა იმ იდეას, რომელსაც აყენებს დეპუტატების ნაწილი, უნდა დაეთანხმოს ყველა, დეპუტატების დანარჩენი ნაწილი, რაც არ მოხდება ბუნებრივია. აქედან გამომდინარე ვამბობ მყარად, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიღებული არ იქნება. ისინი ამბობენ – ჩვენ გავალთ ხალხში, შევაგროვებთ ხელმოწერებს, კი ბატონო, მათ ამის უფლება აქვთ, მაგრამ სიურპრიზებს არ უნდა ველოდოთ, მე არ ვფიქრობ, რომ შეგროვდება მილიონი ადამიანის ხელმოწერა, შემდეგ წარმოადგენენ ამას პარლამენტში და გვაიძულებენ, რომ გადავიდეთ ე.წ. ამერიკულ სისტემაზე, ყველა მსგავსი სისტემა, სრულად მაჟორიტარული, შერეული, პროპორციული – ყველა მათგანი მუშაობს განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყნებში. შეუძლებელია პარლამენტში დღეს მხარდაჭერა მოიპოვოს სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის იდეამ. საქართველოს პარლამენტში დღეს კონსტიტუციური ცვლილებების რესურსი არ არსებობს, მითუმეტეს, თუ საუბარი იქნება სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლაზე“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კითხვაზე, გამოიწვია თუ არა აღნიშნულმა საკითხმა დაპირისპირება უმრავლესობაში, მდინარაძემ განაცხადა, რომ მმართველ გუნდში ამაზე მხოლოდ კამათი მიმდინარეობს.

ცნობისათვის: „ქართული ოცნების“ ოფისში მმართველი გუნდის შეხვედრა გაიმართა, სადაც მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილის ინიციატივას განიხილეს.

ინიციატივა 2020 წლის არჩევნების შემდეგ სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად