მდინარაძე: შეწყალება პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებაა, მაგრამ გადაწყვეტილება ლოგიკაში უნდა ჯდებოდეს

“შეწყალება პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებაა, მაგრამ გადაწყვეტილება ლოგიკაში უნდა ჯდებოდეს”,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდიანარაძემ დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული ასლან ბეჟანიძის შეწყალებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

“პოლიციელის მკვლელის შეწყალების ამბავი როდესაც გავიგე, მეორე დღესვე გავაკეთე კომენტარი ამ საკითხთან დაკავშირებით და მაშინ ვთქვი კიდევაც, რომ ადმინისტრაციამ ალბათ დეტალური განმარტება უნდა გააკეთოს ამაზე და იმ შეწყალების აქტში, როგორც ჩანს, სხვა ალოგიკური საკითხებით მოხვდა. ჩემთვის აბსოლუტურად და კატეგორიულად მიუღებელია ეს ყველაფერი. მართალია, კი ბატონო, რომ შეწყალების უფლება არის ექსკლუზიური უფლება პრეზიდენტის, მაგრამ არსებობს გარკვეული ლოგიკა, რა ლოგიკაში ალბათ ეს ყველაფერი უნდა ჯდებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში საზოგადოება ამაზე ძალიან ცუდად რეაგირებს და მართლებიც არიან. როდესაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზე იწყალებ ადამიანს, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი და მას უნდა ჰქონდეს თავის ახსნა. ჩემი აზრით, ამას მარტივი ახსნა ნამდვილად ვერ ექნება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.​​

ფრაქციის თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ ​დღის წესრიგში საკითხი, რათა გარკვეულ სპეციფიური ნორმების შემუშავება მოხდეს.

“ჩვენ შეიძლება დავსვათ დღის წესრიგში საკითხი, რომ გარკვეულ სპეციფიურ ნორმებზე შეიძლება ვიფიქროთ, მაგრამ როგორ და რა გზით, რა სამართლებრივი ხერხებით, ამაზე წინასწარ საუბარი არ შეიძლება. თუმცა ფაქტია, მოცემულობაა, რომ გადაწყვეტილებების კატეგორიულად მიუღებლობის შემთხვევაში, შესაძლებელია იფიქრო რაღაც რეგულირებებზე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გავრეცელებული ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული ასლან ბეჟანიძე შეიწყალა.

ცნობისთვის: 2018 წლის 29 მარტს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საფუძველზე, ასლან ბეჟანიძეს განზრახ მკვლელობისთვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის და 9 თვის ვადით.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, 27 აგვისტოს, მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად