მდინარაძე: საქართველოს ხელისუფლების მოსაზრებებს ეთანხმება უკრაინის რადას დეპუტატთა უმრავლესობა

„ისე მოვიქეცით, როგორც მოიქცეოდა ნებისმიერი ქვეყანა, რომლის სასამართლოს სამივე ინსტანციის მიერ გასამართლებული და მსჯავრდებული პირი სადღაც, რომელიმე ქვეყანაში რაღაც პოზიციას იკავებს“.

განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მამუკა მდინარაძემ „postv“-ის ეთერში საქართველოს ექსპრეზედენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.

მისი თქმით, სააკაშვილმა შექმნა ისეთი სისტემა, რომლის დროსაც ბიზნესსა და პოლიტიკაზე საუბრისას შეშინებულ ადამიანებს ტელეფონები გაჰქონდათ ოთახებიდან.

მისივე განცხადებით, მან დანერგა ტოტალური შიში და შექმნა სისტემა, რომელიც იყო ამ შიშის საფუძველი.

„აღმოჩნდა, რომ მიხეილ სააკაშვილის უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების მოსაზრებებს ეთანხმება უკრაინის რადას დეპუტატთა უმრავლესობა, მათ შორის, ზელენსკის ფრაციის მნიშვნელოვანი ნაწილი. წინააღმდეგ შემთხვევაში, დღეს ის იქნებოდა უკრაინის ვიცეპრემიერი. გამომდინარე აქედან, რადას წევრებიც იზიარებენ მოსაზრებებს და არგუმენტებს, რომლის გამოც არ დაინიშნა და არ უნდა დანიშნულიყო პოლიტიკურ თანამდებობაზე მიხეილ სააკაშვილი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

როგორც მან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ თანამდებობაზე დანიშვნის შემთხვევაში, საქართველოს ხელიუსფლების რეაქცია მწვავე იქნებოდა.

„ამ შემთხვევაშიც, ვფიქრობ, რომ ეს არ არის კარგი. ჩვენ ამაზეც გვქონდა რეაქცია. როგორი პროპორციაცაა იმ თანამდებობასა და მის პოლიტიკურ წონას შორის, რაც არის ვიცეპრემიერსა და აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეს შორის, ზუსტად ასეთი, პირდაპირპროპორციულად მსგავსი რეაქცია გვქონდა ჩვენ და საგარეო საქმეთა სამინისტროს. ელჩის დაბარება კონსულტაციაზე აბსოლუტურად რელევანტური იყო. ეს მომენტი ვერ გააფუჭებს, პირველ რიგში, ხალხებს შორის ურთიერთობას. ჩვენ შევინარჩუნებთ კარგ ურთიერთობას უკრაინასთან, ეს ორივე ერის დაკვეთაა“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად