მდინარაძე: საპატრიარქოსთან კონსულტაციების შედეგად ჩვენ მივიღებთ მექანიზმებს, რომლებიც მინიმუმამდე დაიყვანს რისკებს

„ის მოცემულობა, რაც გვაქვს დეკრეტში და რასაც ჩვენ მხარი დავუჭირეთ, არის უფრო მკაცრი, ვიდრე, იქ პირდაპირ ყოფილიყო მითითებული, რომ ათი ადამიანი და მეტი ითვლება შეკრებად. იქიდან გამომდინარე, თუ რა იქნება ერთმანეთთან მათი სოციალური დისტანცია, ადამიანების ნაკლები რაოდენობაც შეიძლება ჩაითვალოს შეკრებად. ამას გარდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი თუ ადამიანების კონკრეტული რაოდენობის დათქმას დააპირებს, დღევანდელი დეკლარაციის, დღევანდელი გადაწყვეტილების შესაბამისად, მას აქვს დისკრეციული უფლებამოსილება – შეადგინოს წესები, სადაც ეს გაიწერება დეტალურად, აქედან გამომდინარე, ბუნდოვანება აბსოლუტურად აღმოფხვრილია“, – განაცხადა საგანგებო სესიის დასრულების შემდეგ მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილმ, მედიის წარმომადგენლებთან, დეკრეტის სხვა პუნქტებიც განმარტა.
„შეკრების თავისუფლების შეზღუდვის ლეგიტიმური საშუალება ნებისიერ სახელმწიფოს, ნებისმიერ შემთხვევაში გააჩნია, როდესაც ის საგანგებო მდგომარეობას აცხადებს. ამ მდგომარეობის გამოცხადების გარეშე მსგავსი შეზღუდვა, ისევე როგორც ნებისმიერი კონსტიტუციური უფლების შეზღუდვა კონკრეტული პირისათვის არის დაუშვებელი. ცალკეა რწმენის თავისუფლების შეზღუდვა, რომელიც ვერც ერთ შემთხვევაში, ვერც ერთ ქვეყანაში ვერ იზღუდება. არ არსებობს მდგომარეობა, რომლის ფარგლებშიც რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს. რაც შეეხება საპატრიარქოს, მე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი მაქსიმალურად გაითვალისწინებენ ჯანდაცვის წარმომადგენლების, სპეციალისტების რეკომენდაციებს და ამ შემთხვევაშიც, როგორც ძალიან ხშირად, მიიღებენ ბრძნულ გადაწყვეტილებას, მინიმუმ სოციალურ დისტანცირებასთან დაკავშირებით. ჩვენსა და საპატრიარქოს შორის ყოველდღიური კომუნიკაციით და კონსულტაციების შედეგად ჩვენ მივიღებთ მექანიზმებს, რომლებიც შეამცირებს და მინიმუმამდე დაიყვანს რისკებს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად