მდინარაძე: როდესაც მოდის ქალბატონი თინა და საუბრობს პარლამენტის ბანერის ფონზე, ეს არის წმინდა პროვოკაცია

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, როდესაც არსებობს პროვოკაციების რისკი, პარლამენტის თავმჯდომარე შეუძლია, არ შემოუშვას კონკრეტული ადამიანი, ან ადამიანების ჯგუფი პარლამენტში, არ დაუშვას საშვი, ან შეზღუდოს საშვის დაშვება საქართველოს პარლამენტში.

ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს დასმული შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა, რატომ არ შეუშვეს დღეს მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის შენობაში.

„თინა ბოკუჩავას შეეძლო, ბრიფინგი ჩაეტარებინა პარტიის ოფისში, მაგრამ ეს ყველაფერი პარლამენტში პროვოკაციის მოსაწყობად სჭირდებოდა. პარტიის ოფისში ვიყავი, როდესაც გავიგე იმ პერფომანსის შესახებ, რომელსაც დგამდა ქალბატონი თინა, ამოვედი და ყველამ ნახეთ, რაც იკადრა ქალბატონმა თინამ. ეს ხალხი კადრულობს ყველაფერს, ჩვენ გვაქვს თმენის ვალდებულება, ძალიან რთულია ადამიანურად იმის მოთმენა, რასაც ეს ადამიანები აკეთებენ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი განმარტებით, ეს დისკრეცია გამოიყენა პარლამენტის თავმჯდომარემ აბსოლუტურად სწორად.

” მალხაზ მაჩალიკაშვილის აქ ყოფნის გარეშეც რას კადრულობს თინა ბოკუჩავა, თქვენი თვალით ნახეთ. წარმოიდგინეთ, რა შეიძლებოდა ამას დამატებით მოჰყოლოდა. თინა ბოკუჩავას შეუძლია, როდესაც ის ახმოვანებს პარტიის პოზიციას, ეს არ მოხდეს პარლამენტში, დაიყენოს გვერდით მალხაზ მაჩალიკაშვილი და ათქმევინეს რაც უნდა, ილაპარაკოს იქ, რაც უნდა. როდესაც პარლამენტში მოდის ქალბატონი თინა და საუბრობს პარლამენტის ბანერის ფონზე, ეს არის წმინდა პროვოკაციული და ერთ მიზანს ემსახურება, დაიდგას სცენა, რომელიც იქნება დღის და კვირის თემა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ: დღეს დილით მალხაზ მაჩალიკაშვილი და თინა ბოკუჩავა პარლამენტში ერთობლივი ბრიფინგის გამართვას გეგმავდნენ, თუმცა დაცვის თანამშრომლებმა მაჩალიკაშვილი შენობაში არ შეუშვეს.

პარლამენტის შენობასთან ადგილი ჰქონდა ფიზიკურ და სიტყვიერ დაპირისპირებას, რა დროსაც მალხაზ მაჩალიკაშვილი შეუძლოდ გახდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მას ადგილზე აღმოუჩინა დახმარება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად