მდინარაძე: ოკუპანტის ჰიმნის გაჟღერებით შეურაცხყოფა მიაყენეს ზვიად გამსახურდიას, ვისი სახელობისაც არის ეს დარბაზი

“საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში რუსული ჰიმნის გაჟღერება შეურაცხმყოფელია და გასაკვირი არაა, თუ ამას ახალგაზრდების მხრიდან გულწრფელი პროტესტი მოჰყვა”.

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა და განმარტა, რომ გუშინდელი აქცია „ქართული ოცნების“ ორგანიზებული არ იყო.

“გუშინ, „ნაციონალური მოძრაობის“ მთელი აქტივი გადაერთო იმაზე, გვარი როგორ შეეშალა და ხოშტარიას ნაცვლად, ხოფერია თქვა ამ ადამიანების გულწრფელი პროტესტი პროტესტი აღარ არის? ამის დალაგებას ცდილობთ? ეს არის მართლა სირცხვილი. ამ ახალგაზრდებზე გიორგი ჩაკვეტაძემ მითხრა, რომ რამდენიმე ათეული მესიჯი მიუვიდა და არ არსებობს, ახალგაზრდებმა ეს ყველაფერი არ გააპროტესტონო. მან მითხრა, ამ ხალხს ვერ ვაკავებ, რადგან თუ გავრილოვის სავარძელში ჩაჯდომა იმხელა პრობლემა იყო, რომ ისტორია შეცვალაო, რუსული ჰიმნი დაგვიკრეს და ეს პრობლემა არ არისო? ამ პრობლემის გადაფარვას იმით ცდილობთ, რომ რომელიღაც ახალგაზრდას გვარი შეეშალა? მართლა უხერხულია. რუსული ჰიმნის აჟღერება შეურაცხმყოფელი იყო. გასაგებია, „ტრენდი“, ყველა ქვეყანაში „ტრენდი“ ოპოზიციის სასარგებლოდ ლაგდება ხოლმე, მაგრამ ტრენდი ერთია და მეორეა, რა ხდება სინამდვილეში. საქართველოს პარლამენტში რუსული ჰიმნი თქვენც დაგიკრეს და ამას ადეკვატურად უნდა მოეპყრათ“ ,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით,  საქართველოს პარლამენტში რუსული ჰიმნის აჟღერება არის იუნკერების და ქვეყნის პირველი პრეზიდენტის უმძიმესი შურაცხყოფა.

„ეს არის უმძიმესი შეურაცხყოფა იმ ადამიანების, ვისი სახელობისაც არის ეს დარბაზი. ზვიად გამსახურდიასი და იმ ფაქტის, რომ ამ დარბაზში მოხდა დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ხელმოწერა 1991 წლის 9 აპრილს. ოკუპანტი სახელმწიფოს ჰიმნის გაჟღერებით ამ ყველაფერს შეურაცხყოფა მიაყენეს. ამაზე კამათიც არ უნდა იყოს, მაგრამ დღეს იმაზე არიან გადასულები, რომ ახალგაზრდა ადამიანი დააბულუნგონ, რომელსაც თურმე, ხოშტარიას გვარი შეეშალა და ამით ამ ყველაფრის გადაფარვას ცდილობენ. „ნაციონალური მოძრაობის“ მთელი აქტივი მობილიზებული იყო, რომ ეს ახალგაზრდა დაებულინგებინათ”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ: ახალგაზრდების ჯგუფმა 18 თებერვალს, ელენე ხოშტარიასა და ირმა ნადირაშვილის მიერ პარლამენტში საბჭოთა ჰიმნის ჩართვა გააპროტესტა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად