მდინარაძე: NDI -ის კვლევების აბსოლუტური უმრავლესობა CRRC -ის მიერ საველე პირობებში იყო ჩატარებული, რომელიც დაკავშირებულია “ენმ”-თან

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ვიზუალურად წარმოადგინა დინამიკა, როგორ ვითარდებოდა მოვლენები NDI -ის კვლევებთან დაკავშირებით, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა საველე პირობებში ჩატარებული იყო CRRC -ის მიერ, რომელიც მისივე თქმით, დაკავშირებულია “ნაციონალურ მოძრაობასთან.”

“საზოგადოება მინდა ჩავაყენო საქმის კურსში იმასთან დაკავშირებით, რაზეც ჩვენ საპარლამენტო უმრავლესობის და “ქართული ოცნების” წარმომადგენლები მთელი დღის განმავლობაში ვსაუბრობდით და ვიზუალურად ვაჩვენო დინამიკა, თუ როგორ ვითარდებოდა მოვლენები NDI -ის კვლევებთან დაკავშირებით, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა საველე პირობებში ჩატარებული იყო CRRC -ის მიერ, რომელიც ვიცით, რომ დაკავშირებულია “ნაციონალურ მოძრაობასთან” და ტენდენციაც სახეზეა”- განაცხადა მამუკა მდინარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე.

დინამიკის მიხედვით, ​მაგალითად, 2012 წელს NDI -ის პროგნოზით, CRRC-ზე დაყრდნობით, იყო 18% და როდესაც არჩევნები ჩატარდა, გახსოვთ, რომ შედეგი “ქართული ოცნების” სასარგებლოდ იყო -54, 97%. 2013 წელს NDI -ის პროგნოზით ისევ CRRC-ზე დაყრდნობით იყო 29%, შემდეგ 39% და “ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატმა ამ არჩევნებში მიიღო 62%. 2015 წელს, 24% აპრილში, 11% – აგვისტოში, 16%- ნოემბერში. 2016 წელს გაგრძელდა კვლევები და იყო 15%, 2016 წლის ივნისში-17% და ოფიციალური შედეგი იყო 49% (2016 წლის საპარლამენტო არჩევნები) 2017 წელს – NDI -ის პროგნოზი იყო 22%, შემდეგ, ივნისში იყო 30% და კახა კალაძემ არჩევნებში მიიღო 51%. ბოლო კვლევები გვაჩვენებს, რომ კვლევა ჩაატარა ისევ CRRC- მ 2019 წლის აპრილში, სადაც მაჩვენებელი იყო 17%, ხოლო 2019 წლის ივნისი მონაცემებს ემთხვევა დღევანდელი მოცემულობითი მაჩვენებელი, რაც წარმოგვიდგინა კვლავ NDI -მ, კვლავ CRRC- ზე დაყრდნობით. ალბათ, აქაც პროგნოზი არის ძალიან მარტივი, რომ ამ მაჩვენებლებით, თუ შესაბამის ლოგიკას გავყვებით, “ქართული ოცნება” გაიმარჯვებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც დამაჯერებლად. მე წარმოგიდგინეთ იმ დინამიკის ვიზუალური მხარე, რაც საველე სამუშაოების ჩამტარებელმა CRRC- მ 2012 წლის შემდეგ შემოგვთავაზა და NDI -მ გაახმოვანა. მქონდა ქ-ლორასთან ხანგრძლივი და გულწრფელი საუბარი და გვაქვს შეთანხმება, რომ უახლოეს მომავალში გვექნება სიღრმისეული თუნდაც კამათი, დისკუსია ამ საკითხებთან დაკავშირებით, რადგან არსებობს კითხვები, რომელზეც ამომწურავი პასუხები არ არსებობს და დარწმუნებული ვარ, შეთანხმების პირობების შესრულების შესრულების შემდეგ, ჩვენ დავაახლოებთ პოზიციებს და ყველა ერთად ვეცდებით, რომ იყოს შედარებით მაინც ობიექტური”-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად