მდინარაძე კოსაჩევის ინიციატივაზე: რუსეთს ჯერ ბევრ თემაზე აქვს სალაპარაკო და ბევრი პირობა აქვს შესასრულებელი

“ჯერ მათი საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა იმაზე იზრუნონ, რა ვალდებულებები აქვს რუსეთს შესასრულებელი, რა საერთაშორისო ნორმებს არღვევს და როგორ ექცევიან ადამიანებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და გამყოფ ხაზებთან და მხოლოდ ამის შემდეგ ვილაპარაკოთ ოდნავ სერიოზულად მაინც იმ თემებზე, რაზეც ისინი დღეს საუბრობენ”.

ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე  კონსტანტინ კოსაჩევის განცხადებას, რომლის მიხედვით, რუსეთი მზად არის, საქართველოსთან საპარლამენტო დიალოგის აღსადგენად. 

როგორც მამუკა მდიანარაძემ განმარტა, რუსეთს ჯერ ბევრი პირობა აქვს შესასრულებელი, ვიდრე დიპლომატიური ურთიერთობების კონტექსტში იქნება საუბარი.

„მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო ებრძვის პანდემიას და საქართველო ამ ბრძოლაში არის განსაკუთრებულად წარმატებული, როგორც ჩანს, ვიღაცებმა გადაწყვიტეს, რომ ცინიკური დამოკიდებულებით რაღაც რუსულ ნარატივზე მიაპყრონ ქართული საზოგადოების ყურადღება და ცინიკურია იმიტომ, რომ რუსეთს ჯერ ბევრ თემაზე აქვს სალაპარაკო და ბევრი პირობა აქვს შესასრულებელი, ვიდრე დიპლომატიური ურთიერთობების კონტექსტში იქნება საუბარი. ამიტომ მოდი, ჯერ მათი საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა იმაზე იზრუნონ, რა ვალდებულებები აქვს რუსეთს შესასრულებელი, რა საერთაშორისო ნორმებს არღვევს და როგორ ექცევიან ადამიანებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და გამყოფ ხაზებთან და მხოლოდ ამის შემდეგ ვილაპარაკოთ ოდნავ სერიოზულად მაინც იმ თემებზე, რაზეც ისინი დღეს საუბრობენ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ საუბარი რუსულ ნარატივზე გადავიდეს. ასევე ცინიკურია „უკვდავ პოლკზე“ საუბარი, რომელიც დაკავებულია იმით, რომ საბჭოთა სიმბოლიკის ტირაჟირება მოახდინოს და ამ თემებით აპელირება მოემსახუროს მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ ქვეყანაში დისბალანსი შემოიტანოს,“ – განაცხადა  ნანუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის: რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, კონსტანტინ კოსაჩევმა Russia Today-ის მიერ ორგანიზებული ვიდეოხიდის დროს განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა სრულად აღადგინოს საპარლამენტო დიალოგი უკრაინასა და საქართველოსთან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად