მდინარაძე”ნაცმოძრაობზე”: ტყუილებზე აგებული პოლიტიკური პლატფორმა ალბათ განწირულია

საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის შეფასებით, მამუკა ხაზარაძე უფრო მარტივად დაიმკვიდრებდა პოლიტიკურ ველზე საკუთარ ადგილს, თუ ის ანაკლიის პორტთან დაკავშირებით საკუთარ ვალდებულებებს შეასრულებდა.

“ანაკლიასთან დაკავშირებით, წლების განმავლობაში შეუსრულებელი ვალდებულებები, შემდეგ მიმართვა მთავრობისადმი და გადადებები, იძულებითი სვლები, და ამ ვალდებულების შესრულება უფრო მართალს გახდიდა ამ ადამიანს. ამ ვალდებულებების შეუსრულებლობის ფონზე იგივე ადგილიდან მოძრაობის დაანონსება რამდენად სერიოზულად აღიქმება საზოგადოების მიერ, ეს საზოგადოების გადასაწყვეტია. ნებისმიერი პოლიტიკური ძალის შექმნას მივესალმები, კონკურენცია აბსოლუტურად თანაბარია ამ ქვეყანაში, თუმცა თუკი პოლიტიკური ამბიციები უჩნდება ადამიანს ან პირთა ჯგუფს, ჯობია ის ვალდებულებები ჰქონდეს შესრულებული, რაც მან თავის თავზე აიღო. ანაკლიის პროექტი საქართველოს კონსტიტუციაშია შესული, როგორც პრიორიტეტი. რამხელა მნიშვნელობა მივანიჭეთ ჩვენ მას და რამდენად უნდა სახელმწიფოს მისი განხორციელება. მის შემსრულებლებზე თავის დროზე არც სისხლის სამართლის საქმე არსებობდა, არც პროკურატურა არაფერს არ ამბობდა, მაშინ არ ასრულებდნენ ვალდებულებებს და დღეს ანაკლიიდან რაღაც პრეზენტაციების გაკეთება ამ ფონზე, რამდენად მომგებიანია, ეს საზოგადოების გადასაწყვეტია“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

შეკითხვაზე, რამდენად ძლიერი ოპოზიციური ძალა შეიძლება იყოს მამუკა ხაზარაძის მიერ დღეს დაფუძნებული მოძრაობა, რომელიც მალე პოლიტიკური პარტია გახდება მამუკა მდინარაძის განაცხადებით, “ნაციონალური მოძრაობა” რომ მთავარი ოპოზიციური ძალაა, ამას შეიძლება ყველაფერი ჯობდეს, რადგან ტყუილებზე აგებული პოლიტიკური პლატფორმა ალბათ განწირულია.

“ჩვენ ბევრი ვილაპარაკეთ ამაზე ბოლო დღეების განმავლობაში, მაგრამ მე ვერ შევაფასებ რა იქნება იმ ადამიანების პოლიტიკური მომავალი, რომლებმაც კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით არ შეასრულეს თავისი ნაკისრი ვალდებულებები“-თქვა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისათვის, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის სახელწოდება “ლელო” იქნება. შესაბამისი განცხადება ხაზარაძემ ანაკლიაში გააკეთა, სადაც მოძრაობის პრეზენტაცია გამართა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად