მდინარაძე გრიგოლიას: ტენდენციური ხართ

“რამდენიმე წუთის წინ თქვით არც დაზარალებული და არც მომჩივანი. თქვენ თუ ეს არ იცით… არ მგონია, რომ ეს არ იცოდეთ. შეგნებულად აკეთებთ ამას და ამიტომ ხართ ტენდენციური”, – ასე მიმართა ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ გადაცემა “რეაქციის” წამყვანს ინგა გრიგოლიას “თიბისი ბანკის” დამფუძნებლების საქმეზე საუბრისას. 

გრიგოლიამ დეპუტატს მომჩივანის დასახელება მოსთხოვა, რაზეც მდინარაძე პასუხობს: “ამაშია საქმე, რომ არავინ არ უჩივის”.

გრიგოლია კი პასუხობს: “თქვენ თქვით, რომ მე ვარ ტენდენციური. არ ვარ ტენდენციური და თქვენ თვითონვე თქვით, რომ ამ საქმეში არ არსებობს მომჩივანი”.

მდინარაძე კი პასუხობს: “აგიხსნით რატომაც ხართ ტენდენციური. სსკ-ში უამრავი მუხლია, სადაც არც მომჩივანია და არც დაზარალებული და ეს დანაშაულს არ გამორიცხავს. მე არ ვფიქრობ, რომ დამნაშავეები არიან, სანამ არ დადგება განაჩენი. მაგალითად ქრთამის აღების დროს, ან ნარკოტიკების შეძენის დროს არც მომჩივანია და არც დაზარალებული, ასევეა უკანონო შემოსავლების საქმე”, – თქვა მდინარაძემ.

ინგა გრიგოლიამ კი უპასუხა: “მე ხაზარაძეს კი არ ვიცავ, მე ვიცავ ჩემს თავს, რომელიც ტენედენციურობაში დამადანაშაულეთ. მე ვთქვი, რომ საქმეს არ ჰყავს არც მომჩივანი და არც დაზარალებული. თქვენ თვლით, რომ ხაზარაძემ, ჯაფარიძემ და წერეთელმა იმ დონის კრიმინალი ჩაიდინეს, რომ ნარკოტიკებს ადარებთ?”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად