მდინარაძე: ბასიშვილის პარლამენტში შემოყვანა ისეთივე ფორმალური საკითხი იყო, როგორც მელიას პარლამენტიდან გაშვება

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა და განმარტა, რომ კენჭისყრა უნდა ჩატარებულიყო, რადგან პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, თუ უფლებამოსილების ცნობის საკითხი არ განიხილა პარლამენტმა, სხვა შემთხვევაში არ არის უფლებამოსილი, სხვა საკითხებს უყაროს კენჭი.

„რაც შეეხება თავად ბადრი ბასიშვილს, ამ ადამიანის შემოყვანა, ისეთივე ფორმალური საკითხი იყო, როგორც განაჩენის შემთხვევაში ნიკა მელიას პარლამენტიდან გაშვება. ასეთ ფორმალურ საკითხებზე პოლიტიკური სპეკულაციები არ ღირს, რადგან ყველამ იცის, რომ ამომრჩევლის ნებაზეა დამოკიდებული „ნაციონალური მოძრაობის“ სიაში ვინ მოხვდება და ვინ არა.

ეს გადაწყვეტა ჯერ პარტიამ, შემდეგ ამომრჩეველმა, როდესაც მათ მხარი დაუჭირა. კი ბატონო, ყავდეთ თავისი ოდიოზური ბასიშვილი საქართველოს პარლამენტში. ჩვენ ფორმალურ ვალდებულებებს ვასრულებთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ: პარლამენტმა ბადრი ბასიშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობას დღეს დაუჭირა მხარი. საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატი ითხოვდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ბადრი ბასიშვილის ნიკა მელიას ადგილმონაცვლედ კენეჭისყრის საკითხი არ განხილულიყო ან გადადებულიყო, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარლამენტის სხდომაზე არ მივიდოდნენ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება 2019 წლის 12 დეკემბერს შეუწყდა.

ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტის მიზეზი „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა.
კონსტიტუციის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი შეიძლება, გახდეს.
სხდომას არ დასწრებიან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და საპარლამენტო ფრაქციები – „ევროპული საქართველო“, „ევროპული საქართველო- მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ევროპული საქართველო-რეგიონები“.

საკითხზე ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განცხადება გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ და აღნიშნა, რომ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ თვითონვე აცხადებს უარს თავისი პარტიული სიით ნომინირებული კანდიდატის განხილვასა და დამტკიცებაში მონაწილეობაზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად