მდინარაძე: არ მომეწონა ინაშვილის გამოხატვის ფორმა და არც ის, როგორი იყო დამოკიდებულება ქალის და დეპუტატის მიმართ

“ნამდვილად არ მომეწონა ქალბატონი ირმას გამოხატვის ფორმა და ჩემთვის არ იყო მისაღები, თუმცა აქვე ისიც მინდა დაგიდასტუროთ, რომ არც ის ფორმა მომეწონა, ვინც არ უნდა იყოს მისი ავტორი, როგორი იყო დამოკიდებულება ქალის და დეპუტატის მიმართ”. ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ საერთაშორისო კონფერენციაზე მომხდარი დაპირისპირების თაობაზე განაცხადა, რომელიც „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერ ინაშვილსა და კონფერენციის ორგანიზატორებს შორის მოხდა.

როგორც მამუკა მდინარაძემ პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განმარტა, შეურაცხყოფის მოთმენა რთულია, თუმცა დეპუტატებს ამის ვალდებულება სხვებზე მეტად აქვთ.

„აბსოლუტურად გულწრფელად გეტყვით, რომ ნამდვილად არ მომეწონა ქალბატონი ირმას გამოხატვის ფორმა და ჩემთვის არ იყო მისაღები, თუმცა აქვე ისიც მინდა დაგიდასტუროთ, რომ არც ის ფორმა მომეწონა, ვინც არ უნდა იყოს მისი ავტორი, როგორი იყო დამოკიდებულება ქალის და დეპუტატის მიმართ და ამ შემთხვევაში, არ აქვს მნიშვნელობა ვიცე-სპიკერი იქნება თუ არა. ძალიან რთულია შეურაცხყოფის მოთმენა, მაგრამ თმენის ვალდებულება ჩვენ გვაქვს გაცილებით დიდი, ვიდრე სხვა ნებისმიერ ადამიანს. შეიძლება რაღაცაზე ვიფიქროთ, ვიმსჯელოთ, მაგრამ ისე არ უნდა გავაკეთოთ, რომ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის რისკი 1% მაინც გავაჩინოთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ხმაური და დაპირისპირება თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე, Now What?, რომელიც მეორე დღეა მიმდინარეობს, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის ირმა ინაშვილის გამოჩენას მოჰყვა. პანელის წამყვანმა დევიდ კრემერმა ინაშვილს დარბაზის დატოვებისკენ მოუწოდა. ამავეს ითხოვდნენ ინაშვილისგან კონფერენციის ორგანიზატორებიც. სიტუაცია სამართალდამცველების ჩარევის შემდეგ განიმუხტა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...