მდინარაძე: რუსები რას იტყოდნენ, აღიარებითი ჩვენებით წამოვიდოდნენ, კიბერთავდასხმა ჩვენ გავაკეთეთო?

ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ოფიციალური მოსკოვის პოზიციას კიბერშეტევასთან მის კავშირზე.

მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას  სიცრუე უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დანაშაული მხოლოდ საქართველოს უცხოელმა პარტნიორებმა გამოიძიეს.

„რუსები რას იტყოდნენ, აღიარებითი ჩვენებით წამოვიდოდნენ, კიბერთავდასხმა ჩვენ გავაკეთეთო? ბუნებრივია, მათი ინტერესია, საქართველო რაც შეიძლება მეტად დააზიანონ. ეს ხალხი ოკუპაციას ახორციელებს, ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებული აქვთ. მათ აწყობთ, რომ საქართველოს სამთავრობო უწყებები რაც შეიძლება დაზიანებული და სუსტი იყოს, რომელზეც შეტევა განახორციელეს.

ეს საქმე პარტნიორების დახმარებით გამოვიძიეთ. ერთ-ერთმა არხმა განაცხადა, რომ თურმე, მხოლოდ უცხოელებს გამოუძიებიათ. ეს ასე არ არის. გამოძიება ჩვენ ვაწარმოეთ და უცხოელი პარტნიორები დაგვეხმარნენ, რისთვისაც მადლობა მათ. გამოძიების შედეგად გამოიკვეთა, რომ ეს კიბერშეტევა განხორციელდა რუსეთიდან. ძალიან სამწუხაროა ოპოზიციის მაშინდელი განცხადებები, როდესაც ამასაც ჩვენ გვაბრალებდნენ. შიგნით გვებრძოდნენ „ნაცები“, ხოლო გარედან რუსები“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ:  20 თებერვალს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ 2019 წლის ოქტომბერში საქართველოში კიბერშეტევა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა განახორციელა.

რუსეთის საგარეო უწყება საქართველოზე კიბერთავდასხმის ბრალდებას უსაფუძვლოსა და პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად