მავთულხლართებიდან 300 მეტრში… პენსია-წამლებისთვის და სოფელი-მოხუცებისთვის (ფოტორეპორტაჟი)

ქარელის რაიონის სოფელი აბისი… ნახევრად დაცარიელებული…  2008 წლის ომის ნაკვალევი დღესაც ნათლად ატყვია… თითოეული სახლისა და უბნის ირგვლივ ტრაგედიისა და უიმედობის განცდა იგრძნობა – დანგრეული შენობები, სოფლიდან ქალაქში წასული ახალგაზრდობა…სოფელი, სადაც ძირითადად მოხუცები არიან…

სოფლიდან რუსი სამხედროების მიერ დამონტაჟებულ მავთულხლართებამდე 300 მეტრია. სოფლის მოსახლეობის დიდი ნაწილი ძირითად პრობლემად წამლებისა და ტრანსპორტის  სიძვირეს ასახელებს. ასევე საქართველოს რეგიონებისთვის დამახასიათებელი დასაქმების პრობლემა სახელდება.

"აიპრესი" ცხინვალის რეგიონის მიმდებარედ, კონფლიქტისპირა ზონის სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას ესაუბრა და მათი პრობლემები მოისმინა.სოფლის მკვიდრი თინა ჭიღლაძე "აიპრესთან" საუბრისას ამბობს, რომ მთავრობა სოციალურად დაუცველებს სურსათით ეხმარება, თუმცა ხანში შესულ მოსახლეობას ყურადღებას ნაკლებად აქცევს.

"ეს არის ჩვენი ძირითადი პრობლემები – ხაშურიდან თბილისამდე მგზავრობა ღირს 3 ლარი და აქედან, აბისიდან თბილისამდე 6 ლარი, ახალგაზრდებმა რომც იმუშაონ თბილისში და ყოველ დღე იარონ, მხოლოდ მგზავრობაში დაეხარჯებათ ხელფასის დიდი ნაწილი, აზრი ეკარგება ყველაფერს.

მე 80 წლის ვარ, მარტო პენსიით ვცხოვრობ, ქმარი 87 წლის ავადმყოფი მყავს, ავადმყოფებს უვლიან, კვირაში ორი დღე სოფელში არიან ექიმები და ყურადღებას გვაქცევენ. მთავარი პრობლემა არის წამლების ფასი, მთელი პენსია წამლებზე და პრეპარატებზე მიდის. თავს ვირჩენთ სოფლის მეურნეობის პროდუქციით, შვილი გვეხმარება",-ამბობს თინა ჭიღლაძე.

წამლების სიძვირის პრობლემას ასევე ასახელებს სოფლის მკვიდრი ეკა ბერუაშვილი. მისი თქმით, მხოლოდ მკურნალობისთვის თვეში 350 ლარი სჭირდება.

"შვილები თბილისში არიან წასულები სამუშაოდ, მე აქ ჩათვალეთ მარტო ვარ. იშვიათად ამოდიან ჩემთან, როგორც შეუძლიათ მეხმარებიან. სახელმწიფო მხოლოდ სოციალურად დაუცველებს ეხმარება, ჩვენ შეიძლება უარეს მდგომარეობაშიც ვართ, მაგრამ სტატუსი არ გვაქვს. თუ ჩემი შვილი მუშაობს თბილისში, ან თუ ერთი მაცივარიც რომ მქონდეს სახლში",-აღნიშნა ეკა ბერუაშვილმა.

წამლის სიძვირესთან დაკავშირებით პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ გაძვირებისგან შემაკავებელიპირდაპირი ბერკეტი სახელმწიფოს არ გააჩნია. 

"ბაზარზე არის დაახლოებით 15 ათასი დასახელების მედიკამენტი, ფასთა ნამატი დაფიქსირებულია დაახლოებით 450 პრეპარატზე, აქედან 90 პრეპარატი არისპირველადი მოხმარების. ჩემი აზრით, მდგომარეობა არ არის საგანგაშო, თუმცა ერთი პრეპარატის გაძვირებაც კი, მითუმეტეს დაბალშემოსავლიანიმოსახლეობისათვის, ძალიან მნიშვნელოვანი და ყურადსაღებია. თუ ზრდა გაგრძელდება, გადალახავს კრიტიკულ მიჯნას და მასშტაბურად შეეხება პირველადიმოხმარების მედიკამენტებს, რა თქმა უნდა, სახელმწიფო გარკვეულ მექანიზმებს შემოიღებს, იქნება ეს ფასების ზედა ზღვრის დაწესება თუ სუბსიდირებისკონკრეტული პროგრამების ამუშავება", – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

სოფელ აბისისა და მიმდებარე სოფელ ბერძენაურის მოსახლეობა სახელმწიფოსგან დასაქმების, ტრანსპორტისა და წამლების სიძვირის პრობლემების მოგვარების მოლოდინში რჩება.

ალეკო შარვაძის ფოტოები

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...