მაუწყებლისთვის საჩივრით მიმართვის უფლება მიეცეს NGO-ებს და ომბუდსმენს – „უფლებები საქართველო“ საკანონმდებლო ინიციატივით პარლამენტს მიმართავს

არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“ რამდენიმე დღეში ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების ევროპული სტანდარტების დამკვიდრებისთვის,  პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართავს, რომლის მიხედვით საქართველოში დაინტერესებული პირის ცნების გაფართოება, ჟურნალისტური წყაროს კონფიდენციალობის დაცვის გარანტიების გაძლიერება და წყაროს მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის, როგორც ტერმინის  საკანონმდებლო დონეზე უნდა განისაზღვროს.

„უფლებები საქართველო“-ს ერთ-ერთი წინადადებაა, მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოსთვის საჩივრით მიმართვის უფლება მიეცეს სახალხო დამცველის აპარატს და არასამთავრობო ორგანიზაციას.

„აიპრესთან“ „უფლებები საქართველო“-ს იურისტი ანი  მუხიგულაშვილი  აცხადებს, რომ ორგანიზაციამ კვლევა ჩაატარა „გამოხატვის თავისუფლების საკანონმდებლო და პრაქტიკული გამოწვევები საქართველოში და მათი გადაწყვეტა საერთაშორისო სტანდარტების საფუძველზე შესწავლილი იქნა ადგილობრივი და საერთაშორისო პრაქტიკა, ევროპული სტანდარტი. გამოვლინდა რამდენიმე ძირითადი მიმართულება, რაც საჭიროებდა საკანონმდებლო წინადადების მომზადებას და საკანონმდებლო დონეზე ცვლილებას.

იურისტი ამბობს, რომ ეს საკითხები აძლიერებს მედიის თავისუფლებას საქართველოში.

„პირველი საკანონმდებლო წინადადება უკავშირდება დაინტერესებული პირის ცნების გაფართოებას.  დაინტერესებული პირის ცნება გვხვდება „საქართველოს მაუწყებლობის შესახებ კანონში“ და მას აქვს უფლება, რომ მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიმართოს საჩივრით, როდესაც ადგილი აქვს  მაუწყებლის მხრიდან უფლების დარღვევას. ამ შემთხვევაში, არსებული რედაქცია ვიწროდ მხოლოდ იმ პირებს აძლევს მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოსთვის მიმართვის უფლებამოსილებას, რომელზეც პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მაუწყებლის საქმიანობა;[1]  .

ადგილობრივი და საერთაშორისო რეკომენდაციების შესწავლის შედეგად , ჩვენ ვფიქრობთ, რომ პირდაპირ იკითხება საერთაშორისო რეკომენდაციებიდან, ამ პროცესში მათ შორის სახალხო დამცველისა და არასამათავრობო ორგანიზაციების ჩართვის მნიშვნელობა. მათაც უნდა ჰქონდეთ უფლება, მაუწყებელში  უფლებრივი სტანდარტის დარღვევის შემთხვევაში, მიმართონ მაუწყებლის  თვითრეგულირების ორგანოს  და ჰქონდეთამ მექანიზმის გამოყენების საშუალება.

ამ ეტაპზე ეს არ არის შესაძლებელი და პრაქტიკით არ არის გამოსწორებული. კომისიაც და თვითრეგულირების მექანიზმებიც უარს აცხადებენ ხოლმე არასამათავრობო ორგანიზაციების მიმართვის განხილვაზე, ვინაიდან მიიჩნევენ არაუფლებამოსილ პირად.   დაინტერესებული პირის არსებული რედაქციის განმარტებიდან ამოდიან, რომლის თანახმადაც მხოლოდ იმ პირებს/ორგანიზაციებს შეუძლიათ თვითრეგულირების ორგანოსთვის მიმართვა, რომელზეც პირდაპირ და უშუალო გავლენას  ახდენს მაუწყებლის საქმიანობა.

შესაბამისად, ჩვენი საკანონმდებლო წინადადებით დაინტერესებული პირის ცნება უნდა გაფართოვდეს და დაემატოს სახალხო დამცველის და არასამთავრო ორგანიზაციების მხრიდან თვითრეგულირების ორგანოსთვის მიმართვის უფლებამოსილება.“ – აცხადება ანი მუხიგულაშვილი.

„უფლებები საქართველოს“ მეორე საკანონმდებლო ინიციატივა, რომლებსაც დეპუტატებმა უნდა დაუჭირონ მხარი, ეხება ჟურნალისტური წყაროს კონფიდენციალობის დაცვის გარანტიებს.

„ბოლო პერიოდში მედია სივრცეში  განსაკუთრებით მწვავედ დადგა ჟურნალისტური წყაროს კონფიდენციალობის დაცვის გარანტიები და რამდენად დაცულია საქართველოს კანონმდებლობით წყაროს კონფიდენციალობის დაცვის სტანდარტი.

ამ შემთხვევაში ჟურნალისტური წყაროს კონფიდენციალობის დაცვის გარანტიები ფრაგმენტულად პრინციპების დონეზე სისხლის სამართლის კოდექსში არის გათვალისწინებული, მაგალითად, ჟურნალისტს არ აქვს ვალდებულება იყოს მოწმე იმ საკითხზე, რომელიც მისი პროფესიული საქმიანობის ფარგლებში გახდა მისთვის ცნობილი.

აბსოლუტური პრივილეგიით არის დაცული წყაროს კონფიდენციალობა. თუმცა, არსებობს საფრთხეები. მაგალითად, ჩხრეკა-ამოღების ჩატარების ნაწილში შესაძლებელია წყაროს კონფიდენციალობა დაირღვეს. –

„უფლებები საქართველო“ მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში საჭიროა დამატებითი გარანტიების გათვალისწინება, რათა მაქსიმალურად  გამოირიცხოს მსგავსი რისკები. მივიჩნევთ, რომჩხრეკა-ამოღების პროცესში უნდა იყოს დაუშვებელი იმ ნივთის, საგნის, დოკუმენტის ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტის ჩხრეკა-ამოღება, რომელიც შეიცავს ჟურნალისტის მიერ პროფესიული საქმიანობის შედეგად მოპოვებულ ინფორმაციას.  ასევე, ამ ნაწილში მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არ  გვაქვს ამ ეტაპზე განმარტება რა არის წყაროს მაიდენტიფიცირებელი  ინფორმაცია – ასეთი ტერმინი არ არსებობს. თუმცა, საერთაშორისო დოკუმენტებში ეს არის პირდაპირ განმარტებული.  საჭიროდ მიგვაჩნია  დამატებითი გარანტიების შესაქმნელად და გასაძლიერებლად, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილება. კერძოდ, მნიშვნელოვანია განისაზღვროს წყაროს მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია, როგორც ტერმინი. ის განმარტება და კრიტერიუმი რაც არის დადგენილი ევროპული საბჭოს ერთ-ერთი რეკომენდაციით დადგინდეს დეტალურად, პირდაპირი ასახვის გზით. ასევე დაემატოს, რომ დაუშვებელია წყაროს მაიდენტიფიცრებელი ინფორმაციის გამხელის მოთხოვნა, რაც გააძლიერებს გარანტიებს.“ – აცხადებს ანი მუხიგულაშვილი.

 

„უფლებები საქართველო“-ს იურისტი „აიპრესთან“ განმარტავს, რომ დღის წესრიგში ძალიან მწვავედ დგას ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ხელის შეშლის დანაშაულის შემადგენლობის  საკითხი.  მესამე საკანონმდებლო წინადადების წარდგენას ორგანიზაცია „კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის“ ერთად გეგმავს.

 

„უფლებები საქართველოს“ პოზიციაა, რომ აუცილებელია ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტის კვლევიდან გამომდინარე, გაფართოვდეს ამჟამად არსებული დეფინიცია – რა არის ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ხელის შეშლა, რა მიიჩნევა და რა კომპონენტებს მოიცავს. თუნდაც ინფორმაციის მოპოვების კომპონენტი. ამჟამად არსებული რედაქციით არ არის გათვალისწინებული.

შესაბამისად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ გაფართოვდეს ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის დანაშაულის შემადგენლობა.

ჩვენი ორგანიზაცია ფიქრობს, რომ ეს გააძლიერებს მედიის თავისუფლებას საქართველოში და აღმოფხვრის შეძლებისდაგვარად დაუსჯელობის პრობლემას და არასათანადო კვალიფიკაციის შემთხვევებსაც.“ – განაცხადა ანი  მუხიგულაშვილმა.

 

„აიპრესის“ კითხვაზე, როდის შეიტან პარლამენტში თქვენ საკანონმდებლო წინადადებას და რა მოლოდინები გაქვთ? იურისტი ამბობს:

„დაუჭერენ თუ არა მხარს ამის დაზუსტებით თქმა წინასწარ შეუძლებელია. თუმცა, ჩვენი წინადადების საკანონმდებლო მომზადების ფარგლებში დეტალურად გამოვიკვლიეთ საერთაშორისო სტანდარტები. ჩვენი მომზადებული საკანონმდებლო წინადადებები არის დასაბუთებული, შესაბამისი სტანდარტების მითითებით, რომელიც ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობაში არის ასახული.

ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს პარლამენტი გაითვალისწინებს „უფლებები საქართველოს“ წინადადებებს. თუმცა, რა თქმა უნდა ჩვენ ვხედავთ გარკვეულ რისკებს, რომ შესაძლოა პარლამენტმა არ მიიღოს ჩვენი შეთავაზებული ფორმულირებები.  ამ შემთხვევაში ეს არ იქნება ერთჯერადი სახის პროცესი.  ჩვენ ვგეგმავთ აქტიურად გავაგრძელოთ ამ საკითხების ადვოკატირება.

 

საკანონმდებლო წინადადებას ივლისის ბოლოს შევიტანთ, რომლებიც უკავშირდება დაინტერესებული პირის ცნების გაფართოებას და ჟურნალისტური წყაროს  კონფიდენციალობის დაცვის დამატებითი გარანტიების შემოღებას. ხოლო, რაც შეეხება მესამე წინადადებას, ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ხელის შეშლასთან დაკავშირებით, შესაძლოა სექტემბრის თვეში შევიტანოთ.“

 

[1] „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 2, ე).

სტატიის ავტორი ირმა მესხია
კომენტარები
იტვირთება...