მატეუშ მორავეცკი: მიგრანტებთან დაკავშირებული სიტუაცია ბოლო 30 წლის განმავლობაში ევროპის დესტაბილიზაციის ყველაზე დიდი მცდელობაა

ბელარუსის გავლით მიგრანტების გადაადგილებასთან დაკავშირებული სიტუაცია, ბოლო 30 წლის განმავლობაში, ევროპის დესტაბილიზაციის ყველაზე დიდ მცდელობაა. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა. ინფორმაციას DW ავრცელებს.

მისი თქმით, პოლონეთის მთავრობა მზადაა, პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე ჩარჩენილი მიგრანტების სამშობლოში დაბრუნების ხარჯები აანაზღაუროს.

“ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ დროს ავანაზღაუროთ მიგრანტების დაბრუნება მათ ქვეყნებში“, – განაცხადა მან ესტონეთის მთავრობის მეთაურთან, კაია კალასთან მოლაპარაკების შემდეგ.

მისი თქმით, პოლონეთის ხელისუფლება ამ თემაზე მოლაპარაკებებს ერაყისა და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნების ხელმძღვანელობებთან დიპლომატიური არხებით მართავს. მორავეცკის თქმით, ბელარუსის უშიშროების ძალები საზღვარზე მიგრანტების დაბრუნებას თავიანთ ქვეყნებში ხელოვნურად აფერხებენ.

ცნობისთვის, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ ბელარუსი სახელმწიფო ტერორიზმში დაადანაშაულა, როდესაც მიგრანტების ახალი ჯგუფები პოლონეთის საერთო საზღვრის დარღვევას ცდილობდნენ.

მიგრანტების ორმა დიდმა ჯგუფმა ღობეები გაარღვია და ბელარუსიდან პოლონეთში შეიჭრა.

მიგრანტებთან დაძაბული სიტუაციის გამო პოლონეთმა საზღვრის გასწვრივ ჯარები საბრძოლო მდგომარეობაში მოიყვანა.

მანამდე პოლონეთის სეიმმა მიგრაციული კრიზისის ფონზე ბელარუსის სასაზღვრო რაიონებში საგანგებო მდგომარეობა 60 დღით გაახანგრძლივა. პოლონეთი ბელარუსს მის საზღვრებთან მიგრანტების ნაკადის განზრახ მოზღვავებაში ადანაშაულებს და ამის მიზეზად დესტაბილიზაციის მცდელობებს ასახელებს.

პოლონეთის პარლამენტმა ბელარუსთან საზღვარზე კედლის მშენებლობის გადაწყვეტილება დაამტკიცა. პრეზიდენტი აცხადებს, რომ გადაწყვეტილებას ხელს მოაწერს. პოლონეთმა ბელარუსთან საზღვრის გასწვრივ მავთულხლართების აგება საზღვრის უკანონო გადაკვეთის შესაჩერებლად აგვისტოში დაიწყო.

კომენტარები
იტვირთება...