მაჭავარიანი: “ოცნებამ” გაითვალისწინოს, რომ რუსული ნარატივის გაზიარება საზოგადოებისგან ნეგატივად აღიქმება

ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში ვანო მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ რუსული პროპაგანდა საქართველოში კიდევ უფრო გაძლიერდება მას შემდეგ, რაც ნატოსგან გაისმა გარკვეული გზავნილები საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან მიმართებით.

როგორც ვანო მაჭავარიანმა “აიპრესს” განუცხადა, როგორც ჩანს, “ქართულ ოცნებაში” არიან პოლიტიკოსები, როდესაც თავს კომფორტულად გრძნობენ ამით და რუსეთთთან, პატრიოტთა ალიანსთან და მათი გზავნილებთან თანხვედრაში არიან.

„რუსეთი ძალიან აქტიურობს და კონფერენციაზეც ზუსტად ამაზე იყო საუბარი, რომ ე. წ. პროპაგანდისტული გზავნილებია მათი მხრიდან წამოსული და არიან პოლიტიკოსები, რომლებიც ამ რუსულ გზავნილებით თავს კომფორტულად გრძნობენ. ხელისუფლების შენარჩუნებისთვის და შიშის დათესვისთვის 2020-ის არჩევნების კონტექსტში სწორად მიაჩნიათ.

ის, რომ რუსეთს უნდა, რომ საქართველო შიშში ჰყავდეს, ეს ცხადია. ისიც ფაქტია, რომ რუსეთს ამ ეტაპზე არანაირი აგრესიის შესაძლებლობა არ აქვს საქართველოს წინააღმდეგ. იმიტომ, რომ უკრაინაში განვითარებული მოვლენები საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში აყენებს რუსეთს და შემდგომი ესკალაცია მას მხოლოდ და მხოლოდ პრობლემებს შეუქმნის, რომელიც ახლა მას ნამდვილად არ სჭირდება. ამიტომ ცხადია, რომ ამ ე. წ. რბილი ძალით – პროპაგანდისტული, მენტალური დივერსიით ებრძვის საქართველოს. ეს რა თქმა უნდა მოსალოდნელია, მაგრამ 2020-ის არჩევნების წინ ძალიან უხერხულია, როდესაც მმართველი გუნდი ეცდება თავის სასარგებლოდ გამოიყენოს. როგორც ჩანს, ქართულ ოცნებაში არიან პოლიტიკოსები, როდესაც თავს კომფორტულად გრძნობენ და რუსეთთთან, პატრიოტთა ალიანსთან და მათი გზავნილებთან თანხვედრაში არიან.

რუსეთი საქართველოს დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდანვე აგრესორია. მან საკუთარი სახლებიდან გამოდევნა ხალხი და მას არცერთი კონსტრუქციული ნაბიჯი არ გადაუდგამს ამ ურთიერთობების გამოსასწორებლად და კონფლიქტის მოსაგვარებლად. ამას ძალიან კარგად ხედავენ ის ადამიანები, რომლებიც კონფლიქტის მსხვერპლი არიან. ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომელიც რუსულ ნარატივს გაიზიარებს საზოგადოების მხრიდან აღქმულია როგორც ნეგატივი, ეს უნდა გაითვალისწინოს ქართულმა ოცნებამ და არ აყვეს მსგავსი გზავნილების პოპულარიზაციასა და მათ გზავნილებს“, – განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, ანდერს ფოგ რასმუსენმა გააჟღერა იდეა, რომ დაიწყოს დისკუსია საქართველოს ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებით, რა შემთხვევაშიც ამოქმედდება მეხუთე მუხლი, რაც გულისხმობს იმას, რომ საქართველო ნატოს წევრი ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე გახდება და ქვეყნის უსაფრთხოებაზე იზრუნებს ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი, თუმცა ეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეს ვერ გავრცელდება. რასმუსენის ეს განცხადება ზოგიერთი პოლიტიკოსებისგან ახსნილი იყო იმგვარად, თითქოს ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველომ ნატოში შესვლის სანაცვლოდ უარი უნდა თქვას ოკუპირებულ ცხინვალსა და აფხაზეთზე. სინამდვილეში კი ნატოს მხრიდან ამაზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...