მაჭავარიანი ოპოზიციას: სესხით დაფინანსებულ პენსიებს დიდი დღე რომ არ უწერიათ ხომ იცით?

ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ოპოზიციის მიერ დასმული შეკითხვების საპასუხოდ, დეტალურად ისაუბრა ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გათვალისწინებული ფინანსური სახსრების აუთვისებლობის მიზეზებზე.

„თუ არის სესხი და პროექტი დაგვიანდა, არაფერი არ ხდება, ესე ვთქვათ, კატასტროფული.  ეს სესხი არსებობს, საკრედიტო ხაზი არის და მომავალ წელს, როგორც კი  დაიწყება პროექტი, მას შესაბამისი დაფინანსება ექნება.  წარმოიდგინეთ, რომ აშენებთ სახლს  და ბანკიდან იღებთ სესხს. თუ იმ ტემპით არ წახვედით და ჩამორჩენა გაქვთ ერთი თვე, ეს საკრედიტო ხაზი არ იკარგება, სესხს  აიღებთ იმ თვეში, როცა განაგრძობთ მშენებლობას. ხომ არ იქცევით ისე, რომ სახლის მშენებლობისთვის გამოყოფილ სესხს, ვთქვათ, რესტორანში ხარჯავთ? ზუსტად იგივე მოდელია, როცა ვსაუბრობთ 269 მლნ ლარის აუთვისებლობაზე. ეს თანხა გამოყოფილია კონკრეტული პროექტების მშენებლობისთვის.  პროცესი დაგვიანდა, ჩაიშალა ტენდერი, იქნება თებერვალში და ის სესხი მოხმარება სწორედ ამ პროექტს. ამიტომ არ შეიძლება სესხით მიმდინარე ხარჯების დაფინანსება. სესხით დაფინანსებულ პენსიებს დიდი დღე რომ არ უწერია ხომ იცით?“ – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, მთავრობა ინფრასტრუქტურისთვის გამოყოფილ თანხებს პრიორიტეტული პროექტების მიხედვით გადაანაწილებს.

„ჩვენ გვაქვს ნუსხა, რომ თუ ეს პროექტი დაგვიანდა რა არის შემდეგი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ასევე, მნიშვნელოვანია და რესურსს მივმართავთ იქით და ესეც სწორი პრაქტიკაა. ეს პრინციპი იქნება დაცული და ეს არის ერთადერთი სწორი პრინციპი – კაპიტალური დანახარჯებისთვის გამოყოფილი ფული არ უნდა დაიხარჯოს მიმდინარე დანახარჯებში. აღსანიშნავია, რომ არც ერთი მიმდინარე ვალდებულება ჩვენ შეუსრულებელი არ დაგვრჩენია, პირიქით,  შეძლებისდაგვარად, ყველა მიმართულებით გავზარდეთ დაფინანსება,“ – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად