მაჭავარიანი: ჩვენ უნდა გვქონდეს ძლიერი ინსტიტუციები და პასუხისმგებლიანი ეკონომიკური პოლიტიკა

“ჩვენ უნდა გვქონდეს ძლიერი ინსტიტუციები და პასუხისმგებლიანი ფისკალური პოლიტიკა”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2020 წელს“ გამართული დისკუსიის დროს.

როგორც მან აღნიშნა, ნებისმიერი ინვესტორისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნის რეპუტაცია და მაღალი ნდობა, რისთვისაც საჭიროა რეფორმების გაგრძელება.

„როდესაც ვსაუბრობთ, რომ რეიტინგი გაგვიუმჯობესდა, ეს ნიშნავს იმას, რომ წლების განმავლობაში, სხვადასხვა კრიზისული სიტუაციების ან სხვადასხვა პოპულისტური ზეწოლის დროს, ხელისუფლება აღმოჩნდა მდგრადი მოკლევადიანი სტრესის მიმართ და ჩააბარა ე.წ. სტრეს ტესტი.

ამ ყველაფერს მოსდევს შესაბამისი ნდობა და რეპუტაცია. სწორედ ამის თანმდევია ინვესტიციები, იაფი ფული, სხვადასხვა სახის დახმარებები. შესაბამისად, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყანა უნდა იყოს მაღალი რეპუტაციის მქონე. აქ იგულისხმება კანონის უზენაესობა, ინსტიტუტების გაძლიერება. რეგიონში ეს ადგილი უნდა იყოს მიმზიდველი როგორც ინვესტორისთვის, ისე ნებისმიერი ტურისტისთვის, სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებისა და კონფერენციებისთვის, პროფესიული თუ საერთაშორისო ფორუმებისთვის.

ამისთვის ერთი მხრივ, ინსტიტუციები უნდა იყოს ძლიერი, მეორე მხრივ, ეკონომიკური პოლიტიკა უნდა იყოს პასუხისმგებლიანი და მდგრადი, არ უნდა იყოს მოწყვლადი პოლიტიკურ კონიუნქტურისა და ზეწოლის მიმართ. ზოგ შემთხვევაში, მწვავე კრიტიკის მიუხედავად, არ უნდა გადავუხვიოთ დასახულ მიზნებს. ჩვენ თუ ამას შევინარჩუნებთ, რასაკვირველია, საშუალო და გრძელ ვადაში შედეგი არ დააყოვნებს“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად