მაჭავარიანი: ასეთი თავისუფალი ბიზნესგარემო ბოლო 25 წლის განმავლობაში არ ყოფილა

ასეთი თავისუფალი ბიზნესგარემო ბოლო 25 წლის განმავლობაში არ ყოფილა,-ასე გამოეხმრაურა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი მამუკა ხაზარაძის განცხადებას არაფორმალური მმართველობის შესახებ, რომელზეც მან გუშინ ისაუბრა, სადაც გაიხსენა ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილისა და მისი შეხვედრის დეტალები, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სასახლეში ბიზნესმენ რომან ფიფიასა და მაშინელი მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის თანდასწრებით გაიმართა.

“ამ ქვეყანაში ბოლო 45 წელია, ვცხოვრობ,  აქედან 22 წელია, ბიზნესში ვარ, ერთი წელია, საჯარო სამსახურში ვარ და ერთ რამეს სრული პასუხისმგებლობით ვამბობ: ასეთი თავისუფალი ბიზნესგარემო ბოლო 25 წლის განმავლობაში, რაც ჩემს მეხსიერებაშია, არ ყოფილა. ამას სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით.

თუ რომელიმე კონკრეტულ კომპანიაზე, კონკრეტულ შემთხვევაზე არსებობს ფაქტები, მოიტანონ და დადონ, და თუ არ იქნება რეაგირება, მერე შეიძლება ვილაპარაკოთ… რაც ამ ქვეყანაში კერძო საკუთრება გამოცხადდა, კომერციული მაღაზიები დაიწყო სარდაფებში, იქიდან მოყოლებული დღემდე, ასეთი თავისუფალი არ ყოფილა.

ამას სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, იმიტომ არა, რომ მთავრობის წევრი ვარ: შეიძლება დღეს ვარ, ხვალ არ ვიყო. თუ აქ ცხოვრობდა ამ წლების განმავლობაში ადამიანი და ამ სფეროსთან შეხება ჰქონდა, ამას დაადასტურებს”,-განაცხადა მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, მამუკა ხახარაძემ “რეაქციისთვის” მიცემულ ინტერვიუში იმ შეხვედრის დეტალები გაიხსენა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სახლში მისი და ვანო ჩხარტიშვილის მონაწილეობით შედგა. ბიზნესმენმა ის დეტალებიც მოყვა,  როგორ გამოატანინეს მას საკონსტიტუციო სასამართლოდან სარჩელი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...