მასწავლებელთა სახლის საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ 45 ტრენერი შეარჩია

მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ეფექტიანად დანერგვის მიზნით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულის ცენტრის მუდმივმოქმედმა საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ 45 ტრენერ-კონსულტანტი შეარჩია. აღნიშნული ტრენერ-კონსულტანტები სქემის დანერგვის პროცესში კონსულტაციას გაუწევენ სკოლებსა და მასწავლებლებს და მათი საჭიროებებიდან გამომდინარე ჩაატარებენ ტრენინგებს.

საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგენლობაში შედიოდა ცენტრის ხელმძღვანელობა, მოწვეული ექსპერტ-კონსულტანტები და მასწავლებელთა და მეცნიერთა პროფესიული კავშირის წარმომადგენელი. ცენტრმა აღნიშნული ტრენერ-კონსულტანტები ჯგუფური გასაუბრების ფორმატით შეარჩია. გასაუბრებამდე კონკურსანტებს ცენტრმა წინასწარ მიაწოდა მიმართულებების თემატიკა, რასაც ეფუძნებოდა საკონკურსო შეკითხვები, რომელსაც კონკურსანტები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით პასუხობდნენ. მიმართულებები მოიცავდა მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის, ზრდასრულთა განათლებისა და მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის საკითხებს. კანდიდატებს საშუალება ჰქონდათ მოესმინათ სხვა კონკურსანტების პასუხებისთვისაც.

როგორც მასწავლებელთა სახლში აცხადებენ, კონკურსის აღნიშნულმა ფორმატმა ხელი შეუწყო პროცესის ღიაობას და გამჭირვალობას, რაც ცენტრის უმთავრესი პრიორიტეტია, გარდა ამისა, მუდმივმოქმედ კომისიას შესაძლებლობა მისცა უკეთ შეეფასებინა კანდიდატების პრეზენტაბელურობა და ის ძირითადი უნარები, რაც აუცილებელია ტრენერ-კონსულტანტის პოზიციის დასაკავებლად. შეფასების პროცესში კონკურსანტის პროფესიულ გამოცდილებასთან და უნარებთან ერთად, გათვალისწინებული იყო ეთნიკურ უმცირესობებთან მუშაობის გამოცდილება (მათ შორის უმცირესობების მშობლიური ენის ფლობა) და გეოგრაფიული არეალი, რაც საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლასთან მუშაობის შესაძლებლობას ქმნის.

როგორც მასწავლებელთა სახლში მიიჩნევენ, კონკურსის არსებული შედეგი არ ნიშნავს, რომ კონკურსზე არ იყვნენ სხვა ღირსეული კანდიდატები, თუმცა კონკურსი მაღალი კონკურენციის პირობებში ჩატარდა: ცენტრში შემოსული იყო 500-მდე განაცხადი, გასაუბრების ეტაპზე გადავიდა 395 კანდიდატი და მათგან ამ ეტაპზე შეირჩა 45 ტრენერ-კონსულტანტი. გარდა ამისა, კონკურსის ფარგლებში კანდიდატთა მაღალმა აქტივობამ ცენტრს მისცა შესაძლებლობა, შეექმნა პროფესიონალთა საინფორმაციო ბაზა მათთან შემდგომი თანამშრომლობის მიზნით, რაც გულისხმობს ცენტრის საჭიროებებიდან გამომდინარე, 2015-2016 წლების განმავლობაში ცენტრის მიერ დაგეგმილი აქტივობების ფარგლებში მათთან შრომითი ურთიერთობების დამყარებას

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად