მასწავლებელთა ხელფასების ზრდისთვის 18 მილიონი ლარია გამოყოფილი

ახალი სასწავლო წლიდან, როგორც ცნობილია,განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გეგმავს, ყველა მასწავლებელს საბაზო ხელფასი 50 ლარით გაუზარდოს. რაც შეეხება, სხვადასხვა კატეგორიის მასწავლებლებს, სამინისტროს ინფორმაციით, მათ ასევე ექნებათ კატეგორიის დანამატი, რომელიც გაწერილია “მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში”.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, მასწავლებლის გაზრდილი ხელფასებისთვის 2015 წლის ბიუჯეტიდან გამოყოფილია 18 მლნ ლარი. რაც შეეხება “მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის” მიხედვით მასწავლებელთა ხელფასის განაწილების წესს, 3 ეტაპად განისაზღვრა:

“2015 წლის 1 სექტემბრიდან მასწავლებელთა სახელფასო ზრდა განხორციელდება სქემის შესაბამისად, კერძოდ: მასწავლებლის საბაზო ანაზღაურება გაიზრდება 50 ლარით და გახდება 355 ლარი; მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოების გაანგარიშების კრიტერიუმების შესაბამისად, საბაზო ხელფასის ზრდით განისაზღვრება ახალი სახელფასო განაკვეთები, ხარისხის და სამუშაო სტაჟის მიხედვით, 337 – დან 521- ლარამდე.

უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატი სრული დატვირთვის შემთხვევაში განისაზღვრება არანაკლებ 160 ლარით და უფროსი მასწავლებლის თანამდებობრივი სარგო დამოკიდებულია ასევე მიღებულ ხარისხსა (ზოგადი განათლება, პროფესიული განათლება, ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორის ხარისხი) და სამუშაო სტაჟზე და ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით იქნება 497-დან 681-ლარამდე.

წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატი სრული დატვირთვის შემთხვევაში განისაზღვრება არანაკლებ 250 ლარით და წამყვანი მასწავლებლის თანამდებობრივი სარგო, თუ აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, შეადგენს 750.6-დან 771.9 ლარამდე, სამუშაო სტაჟის მიხედვით. მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატი სრული დატვირთვის შემთხვევაში განისაზღვრება არანაკლებ 300 ლარით.

2016 წლის 1 აპრილიდან მასწავლებელთა სახელფასო ზრდა განხორციელდება სქემის შესაბამისად, კერძოდ (მოცემულია პროგნოზირებადი მაჩვენებლები): მასწავლებლის საბაზო ანაზღაურება გაიზრდება 50 ლარით და გახდება 405 ლარი. უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატი სრული დატვირთვის შემთხვევაში განისაზღვრება არანაკლებ 180 ლარით.

წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატი სრული დატვირთვის შემთხვევაში განისაზღვრება არანაკლებ 270 ლარით; მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატი სრული დატვირთვის შემთხვევაში განისაზღვრება არანაკლებ 400 ლარით.

2017 წლის 1 იანვრიდან მასწავლებელთა სახელფასო ზრდა განხორციელდება სქემის შესაბამისად, უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატი სრული დატვირთვის შემთხვევაში განისაზღვრება არანაკლებ 320 ლარით; წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატი სრული დატვირთვის შემთხვევაში განისაზღვრება არანაკლებ 500 ლარით; მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატი სრული დატვირთვის შემთხვევაში განისაზღვრება არანაკლებ 700 ლარით”, – მოცემულია ხელფასების ზრდის ეტაპები მასწავლებელთა პროფესიული ზრდის სქემაში.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლისთვის განათლების სამინისტრო ბიუჯეტის 100 მილიონით გაზრდას ითხოვდა.

“მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ზრდისათვის 2015 წელს 50 მლნ ლარია საჭირო; უმაღლესი განათლების განვითარების ფონდისათვის 10 მლნ ლარი, აღნიშნულის ფარგლებში დაგეგმილია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მოთხოვნილი პროექტების დაფინანსება.

მეცნიერების აღდგენა და განვითარება პროგრამული კოდის დაფინანსების გაზრდა 5 მლნ ლარით, საერთაშორისო კვლევებში ინტეგრაციისა და ცერნის საწევროს გადახდისათვის; საგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობა/რეაბილიტაცია/აღჭურვისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებისათვის დამატებით 35 მლნ ლარი”, – აცხადებდნენ განათლების და მეცნიერების სამინისტროში.

როგორც 2015 წლის ბიუჯეტის განხილვისას საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობდა, ბიუჯეტი მოთხოვნისამებრ ვერ გაეზრდებოდათ სამინისტროებს, რადგან მოთხოვნები მილიარდ ლარზე მეტი იყო.

2015 წლისთვის განათლების სამინისტროს ბიუჯეტისთვის გათვალისწინებული იყო 828,9 მლნ ლარი. ცნობილია, რომ ქამრების შემოჭერის პოლიტიკის გამო განათლების სამინისტრომ, 12 მილიონი ლარი მოიკლო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად