მაშველებმა მდინარე მტკვრიდან 35 წლის მამაკაცი ამოიყვანეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ – „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისში, მშვიდობის ხიდის მიმდებარედ, მდინარე მტკვარში ადამიანი იმყოფებოდა და გამოსვლას ვერ ახერხებდა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წყალზე მაშველთა ჯგუფი.

წარმატებული სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა 35 წლის მამაკაცი წყლიდან უვნებლად ამოიყვანეს. ოპერაციაში ჩართული იყო წყალზე სამაშველო ტექნიკაც.

მამაკაცი თავს კარგად გრძნობს. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.

ადგილზე, ასევე, მობილიზებულები იყვნენ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...