მაშველებმა, ჩაძირული თვითმფრინავის ძებნისას, ორ დიდ ობიექტს მიაგნეს

იავანის ზღვაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები განახლდა. მაშველები ავიაკომპანია AirAsia-ს თვითმფრინავის ფრაგმენტებს და დაღუპულ მგზავრებს ეძებენ. 

თვითმფრინავი 28 დეკემბერს გაქრა რადარებიდან, და როგორც მოგვიანებით გაირკვა, იავანის ზღვის თავზე კატასტროფა განიცადა. მიზეზები ჯერ ისევ გაურკვეველია. როგორც სააგენტო Reuter-ს ინდონეზიის სამძებრო-სამაშველო სააგენტოს ხელმძღვანელმა ბამბანგ სოელისტიომ განუცხადა, ზღვის ფსკერზე ორი დიდი ობიექტია აღმოჩენილი. მისი თქმით, ობიექტები 30 მეტრის სიღრმეზეა. ერთის გაბარიტები დაახლოებით 9,4 X 4,8 მეტრია, მეორის – 7,2 X 0,5 მეტრი.

„დარწმუნებული ვარ, რომ ეს იმ თვითმფრინავის ნაწილებია, რომელსაც ვეძებთ“ – აცხადებს სოელისტიო. მისივე თქმით, ზუსტად ამ ადგილას, ზღვის ზედაპირზე ნათლად ჩანს ნავთობპროდუქტების ლაქები. სააგენტოს თანამშრომლები, წყალქვეშა დისტანციური აპარატურის საშუალებით, ცდილობენ საეჭვო ობიექტების ზუსტი გამოსახულებები მოიპოვონ. ბუნებრივი პირობები ძიებისთვის კვლავ შეუსაბამოა – ძლიერი ქარი და ტალღები მყვინთავებს სამუშაოს ურთულებს.

მაშველებმა ჯერ მხოლოდ 30 მგზავრის ცხედარს მიაგნეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...