მარტვილში, სოფელ სალხინოში 3 ლოკაციაზე კვლავ ხანძარია

მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელ სალხინოში გაჩენილი ტყის ხანძრის ქრობის პროცესში დილის 6 საათიდან, 7 მეხანძრე-მაშველი ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ჩაერთო. ამ დროისთვის ხანძრის 70%-ზე მეტი ლოკალიზებულია.

“გამთენიის 5 საათზე შემოვიდა ზარი, რომ წაჩხურუს ტერიტორიის მიმდებარე ტყეს უკიდია ცეცხლი. ადგილზე 7 კაციანი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა გავიდა და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, ამ წუთებში ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ. ხანძარია ასევე ქვიბიისა და კურზუს უბანშიც”, – განაცხადა მარტვილის მერიის რწმუნებულმა, სალხინოს ადმინისტრაციულ ერთეულში, გია ჯიჯელავამ.

მისივე ინფორმაციით, მარტვილში ხანძარი 3 ლოკაციაზე ერთდროულად გაჩნდა. სავარაუდო მიზეზებზე სალხინოს რწმუნებულის საუბარი უჭირს, თუმცა საფუძვლიან ეჭვს გამოთქვამს, რომ საქმე მხოლოდ დაუდევრობაში არ არის.

“იმის გამო რომ მესტიაში ხანძარია, ჩვენი ბრიგადები იქაც იყვნენ გადასროლილი, ამიტომ ბრიგადის გამოძახება სენაკიდან დაგვჭირდა. ხანძრის თითქმის 70%-ზე მეტი ლოკალიზებულია. ადგილობრივი მოსახლეობა აქტიურადაა ჩართულ ცეცხლის ქრობის სამუშაოებში”, – განუცხადა ჟურნალისტებს რწმუნებულმა.

ტყის ცეცხლის ჩაქრობას მეხანძრე-მაშველები ადგილზე ძლიერი დაკვამლიანების და რთული რელიეფის მიუხედავად, აქტიურად ცდილობენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად