მარტვილში 3 ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

მარტვილის მუნიციპალიტეტში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, სამი ახალი საბავშო ბაღი გაიხსნა.

სერგიეთის, ინჩხურის და თამაკონის ადმინისტრაციულ ერთეულებში ახალი საბავშო ბაღები სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარ დეპუტატთან ოთარ დანელიასთან და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერ ალექსანდრე გრიგალავასთან ერთად გახსნა.

არსებულ სოფელში საბავშვო ბაღები აქამდე არ ფუნქციონირებდა და მშობლებს ბავშვები მეზობელ სოფლებსა და მარტვილის ცენტრში არსებულ სკოლამდელ დაწესებულებებში დაჰყავდათ.

საბავშო ბაღების მშენებლობისთვის სულ 292 425 ლარი დაიხარჯა. ბაღების მშენებლობა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა.

ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, მარტვილის მუნიციპალიტეტში ახალი ბაღების მშენებლობა და არსებულის რეაბილიტაცია მომავალ წელს უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს.

სახელმწიფო რწმუნებული დღესვე მარტვილის პირველ საბავშვო ბაღშიც იმყოფებოდა, სადაც არსებულ ვითარებას გაეცნო. პირველი და მეორე საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია დაგეგმილია და ამჯერად საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს.

სახელმწიფო რწმუნებულმა დღესვე მარტვილში დიდების მემორიალის ტერიტორია დაათვალიერა. ამჯერად მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები. მოხდება არსებული მემორიალის აღდგენა, სადაც სხვადასხვა ომებში დაღუპული მარტვილელების უკვდავსაყოფად მოეწყობა ობელისკი. მემორიალთან ერთად ტერიტორიაზე მოეწყობა სკვერი. რეაბილიტაციის დაწყებამდე კი მემორიალის ტერიტორიის დასუფთავება და მოწესრიგება მოხდება.

ალექსანდრე მოწერელია დღესვე მარტვილში სახანძრო-სამაშველო სამსახურის ახალი შენობის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო, ობიექტის დასრულება იანვარში იგეგმება. სახელმწიფო რწმუნებული ასევე გაეცნო ნალეფსაოს უბნის დამაკავშირებელი ხიდის მდგომარეობას, ხიდი რეაბილიტაციას საჭიროებს, ამჯერად პროექტირების სამუშაოები დასრულებულია და მიმდინარეობს ფინანსური რესურსის მოძიება.

ამის შესახებ ინფორმაციას  სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახური ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად