მართლმადიდებელი ეკლესია 15 თებერვალს მირქმის დღესასწაულს აღნიშნავს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად სადღესასწაულო ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში ჩაატარებს. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ, ილია მეორე შეკრებილ მრევლს ტრადიციული ქადაგებით მიმართავს. წირვა 10:00 საათზე დაიწყება.

მირქმა, ღვთისადმი მიგებების დღესასწაული, საუფლო 12 დღესასწაულთა შორის ერთ-ერთია. წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს 40 დღის ყრმა იესო ღვთისმშობელმა მარიამმა და მართალმა იოსებმა ტაძრად მიიყვანეს, რათა უფლისთვის ძღვენი შეეწირათ. წმინდა სვიმონ ღვთისმიმრქმელმა იცნო ტაძარში მიყვანილი მაცხოვარი, რომელსაც იგი, ანგელოზის სიტყვისამებრ, სამ-ნახევარ საუკუნეზე მეტხანს ელოდა. ებრაულიდან ბერძნულად წმინდა წერილის თარგმნის დროს მას სურდა, „ქალწულმა მუცლად იღო“ სიტყვა ქალით შეეცვალა. ანგელოზმა მას შესწორება აუკრძალა და უთხრა, რომ ქალწულისაგან შობილ მაცხოვარს თავად იხილავდა. წმინდა სვიმონი იესოს კრძალვით მიეგება, თავის მკლავზე მიირქვა, მიიწვინა და განაცხადა: „აწ განუტევე მონაი შენი მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა. მშვიდობით, რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარებაი შენი“. ამ ფაქტის შემდეგ წმინდა სვიმონი მალე აღესრულა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად