მარშანია მოსკოვური ვიზიტის შესახებ: წლის ბოლოს ჩვენ აუცილებლად დავუბრუნდებით ვიზების გაუქმების საკითხს

 „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები გიორგი ლომია, ადა მარშანია და გოჩა თევდორაძე მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატებს და რუსეთის ფედერაციის საბჭოს სენატორებს კალაშნიკოვს, სავინოვს, ტაისაევს, კოსაჩოვს, ჯაბაროვსა და სინიცინს შეხვდნენ.

როგორც შეხვედრის შესახებ საუბრისას პარტიის წევრმა ადა მარშანიამ განაცხადა, შეხვედრაზე ორივე მხარემ აღნიშნა, რომ 20 ივნისიდან მოყოლებული უკიდურესად დაიძაბა ქართულ-რუსული ურთიერთობები და ვითარება უახლოვდება 11 წლის წინანდელ ნიშნულს.

“ორივე მხარემ ასევე აღნიშნა, რომ ეს შეხვედრა მიზნად ისახავს ვითარების მაქსიმალურად განმუხტვას, დაძაბულობის შემცირებას და შექმნილი კრიზისიდან გამოსავლის ძიებას. აღინიშნა,რომ სერგეი გავრილოვის ირგვლივ შექმნილი ვითარება, ეს იყო პროვოკაცია. ჩვენ პირველივე დღიდან საჯაროდ ვსაუბრობდით, რომ გავრილოვის პარლამენტში შეყვანა და მისთვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დათმობა ვერ მოხდებოდა “ქართული ოცნების“ უშუალო მონაწილეობის გარეშე და რომ პარლამენტის სხდომათა დარბაზში ბოკერიას პარტიის წევრების შემოვარდნა (წინასწარ დაბეჭდილი პლაკატებით) ადასტურებს ამ პროვოკაციაში ბოკერიას ჯგუფის მონაწილეობას.

მეორე ეტაპზე, “ქართული ოცნებისთვის“ მოულოდნელად საქმეში ჩაერთო სააკაშვილის ჯგუფი, რამაც საბოლოო ჯამში გამოიწვია სიტუაციის გარკვეული დესტაბილიზაცია, უდანაშაულო ადამიანების დასახიჩრება, საზოგადოების მღელვარება, ასევე რუსულ – ქართული ურთიერთობების უკიდურესად გამწვავება. ქართულმა მხარემ აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეებს, ჩვეულებრივ ადამიანებს არ სურთ რუსეთთან ვითარების უკიდურესი დაძაბვა, არ სურთ ტურისტების მიმოსვლის მასობრივი შეზღუდვა, არ სურთ საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტა, ფულადი გზავნილებისა და ვაჭრობის შეზღუდვა და საერთოდ, რაიმე სახის გართულებები.

ცხადია, საუბარი შეეხო დაძაბულობას არა მხოლოდ თბილისსა და მოსკოვს შორის, არამედ დაძაბულობას სოხუმთან და ცხინვალთანაც. საუბარი შეეხო რუსეთის პრეზიდენტის ცნობილ კომენტარსაც. გარკვეული დისკუსიის შემდეგ აღინიშნა სამწუხარო რეალობა, რომ თბილისს, სოხუმს, ცხინვალსა და მოსკოვს, მეტიც, ბაქოს, ერევანს, ანკარას, ბრიუსეკსა და ვაშინგტონსაც კი, ძალიან ხშირად ერთი და იგივე საკითხებზე რადიკალურად განსხვავებული პოზიცია გააჩნიათ. მათ შორის ისტორიული მოვლენების განსხვავებული შეფასება. იყენებენ რადიკალურად განსხვავებულ ტერმინოლოგიას და აქვთ განსხვავებული მიდგომები.

ღიად აღინიშნა, რომ სიტყვები “რუსეთი ოკუპანტია“, “რუსეთი მატყუარაა“ სიმეტრიულ ასახვას ჰპოვებს სოხუმსა და ცხინვალში, საიდანაც გვესმის რომ “საქართველო ოკუპანტია“, “საქართველო მტერი“ და “მატყუარაა”/

. ქართულმა მხარემ აღნიშნა, რომ სამწუხაროდ სოხუმსა და ცხინვალში ასობით დისერტაციაა დაცული, სადაც ჩვენ ვხედავთ ისტორიის გადაფასებისა და ინტერპრეტაციის მცდელობას. შეხვედრაზე არ თქმულა, მაგრამ ქართულმა საზოგადოებამ იცის, რომ 19 ივლისს ცხინვალმა მიმართა მოსკოვს, ქართველების მიერ ოსთა გენოციდის აღიარების მიზნით. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ათწლეულების განმავლობაში რადიკალურად განსხვავებულმა პოზიციებმა, მიდგომებმა და ტერმინოლოგიამ არ მოიტანა მშვიდობა და პრაქტიკულად ჩვენ გვაქვს ნულოვანი წინსვლა, უფრო სწორად უკუსვლა. აღინიშნა , რომ საჭიროა სრულიად ახალი პლატფორმა, ახალი ტერმინები, ახალი ქმედებები, რომელიც კი არ გაზრდის დაძაბულობას არამედ შეამცირებს და გულწრფელ დიალოგს მოგვიტანს, შემდეგ ვითარების განმუხტვას და წაგვიყვანს მშვიდობის და ჩატეხილი ხიდების აღდგენისკენ“, – განაცხადა ადა მარშანიამ.

მისი თქმით, შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს დღეებში მოიხსნება შეზღუდვები ფულად გზავნილებზე და ვაჭრობაზე.

“რაც შეეხება საჰაერო აღდგენას, ამას ქართველების და რუსი დეპუტატების გეგმაზომიერი მუშაობა სჭირდება, რაზეც ორივე მხარემ მზაობა გამოთქვა. ტურიზმის მიმართულებით აქაც დიდი სამუშაოა ჩასატარებელი. ასევე შეგვიძლია ღიად ვთქვათ, რომ წლევანდელი წლის ბოლოს ჩვენ აუცილებლად დავუბრუნდებით ვიზების გაუქმების საკითხს“, – განაცხადა ადა მარშანიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...