მარშანია: აფხაზეთში, დედაჩემის მხარე – გუგუშვილები, ყველა დამიხოცეს და საჯაროდ არასდროს მითქვამს

“პატრიოტთა ალიანსის” წევრი ადა მარშანია მიიჩნევს, რომ კონფლიქტების ისტორიას სატელევიზიო ეთერი სათანადოდ არ ეთმობა, რის გამოც მას აქვს სურვილი შეხვდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდს.

მისი განცხადებით, მთელი ერისთვის ყველაზე მძიმე მოსასმენი განცხადების ის ნაწილი აღმოჩნდა, როდესაც პუტინი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების თემას და გენოციდს შეეხო.

ადა მარშანიამ დღევანდელ ბრიფინგზე, საგანგებოდ მიმართა მედიის წარმომადგენლებს: “თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ ჩვენც ძალიან გვაწუხებს. მოლაპარაკება-შეხვედრას ასეთ მძიმე ფონზე აქვს თავისი სტრატეგია და ტაქტიკა. თუ მიდიხარ ადამიანთან სალაპარაკოდ, აქედან დასკვნები უნდა გამოვიტანოთ. ქართულმა საზოგადოებამ ძალიან მძიმედ მოისმინა მისი პასაჟი გენოციდზე და ვაფიქსირებთ, რომ ასე არ მიგვაჩნია საქართველოში. თქვენ იცით, სიმართლედ მიაჩნიათ ოსებს და აფხაზებს, რომ 1992-93 წლებში, პატარა მცირერიცხოვან აფხაზ ხალხს ქართველებმა გარკვეული გენოციდი ჩაუტარეს? არ გაგიგონიათ არასდროს? უბრალოდ, ჩვენთან ამაზე საუბარი მიღებული არ არის. უნდა იცოდეთ, რომ ამ ორ რეგიონში საქმე ძალიან მძიმედ გვაქვს. როგორც ჩვენ აქ ვამბობთ, რომ გენოციდი იყო ქართული მოსახლეობის აფხაზეთში, მართლა ასე იყო. დედაჩემის მხარე -გუგუშვილები, აფხაზეთში ყველა დამიხოცეს, სულ 13 ადამიანი და საჯაროდ არასდროს მითქვამს. აფხაზებიც თვლიან, რომ ქართველებმა მათ გაუკეთეს გენოციდი. მძიმე ფონია და ცალმხრივად ჩვენ აქ რომ ვიხარშებით ჩვენის ამბებში, ცოტა მითოლოგიზირებული გვაქვს თემები და რეალობას ნამდვილად ვართ მომწყდარი. პუტინის მძიმე განცხადებამ გამოგვაფხიზლა, რომ გავიაზროთ, რა უმძიმეს ვითარებაშია ქვეყნის გამთლიანების საკითხი და რეგიონში მიმდინარე პროცესები. ჩვენ მივეჩვიეთ ცალმხრივ საუბარს და გაშუქებას კონფლიქტზე. სამწუხაროდ, ვხედავ, რომ კონფლიქტების ისტორია, მიზეზები, რატომ მოხდა აფხაზეთში თავის დროზე, წესიერად არავინ არ იცის. სამწუხაროა, რომ ქართული ტელეარხები ამ თემას სათანადო დროს ტელესივრცეში არ უთმობენ.” -განაცხადა ადა მარშანიამ დღევანდელ ბრიფინგზე.
ცნობისთვის, “პატრიოტთა ალიანსის” წევრები: გიორგი ლომია და ადა მარშანია 15-18 ივლისს მოსკოვში ვიზიტს გეგმავენ, სადაც აპირებენ რუსეთის დუმის დეპუტატებს ორ ქვეყანას შორის 20 ივნისის მოვლენების შედეგად გაუარესებული ვითარების დეტალებზე ესაუბრონ.

“პატრიოტთა ალიანსის” წევრები მიიჩნევენ, რომ მათ მიერ 3 წლის განმავლობაში, მოსკოვში განხორციელებული ვიზიტების ფარგლებში მიღწეული შედეგები 20 ივნისის მოვლენების შემდეგ მთლიანად გაბათილდა და ყველაფერი თავიდან არის დასაწყები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...