მარნეულის წყალმომარაგება-წყალარინებისა და ბოლნისის წყალარინების სისტემების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

რეგიონებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, ილია ბეგიაშვილი და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, ეკატერინე გალდავა მარნეულის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების, ბოლნისის კოლექტორისა და წყალარინების სისტემის მშენებლობის პროცესს ადგილზე გაეცნენ.

ილია ბეგიაშვილმა და ეკატერინე გალდავამ სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიიღეს კონტრაქტორი აზერბაიჯანული კომპანიის ‘’Akelik Group”-ის წარმომადგენლებისგან.
„ასეთი მასშტაბური პროექტი საქართველოში არც ისე ბევრი განხორციელებულა, დიდია მოსახლეობის რაოდენობაც, რომლებიც პროექტის დასრულების შემდეგ ამ ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ. გვქონდა სამუშაო შეხვედრა კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებთან და პროექტის ზედამხედველებთან, ასეთი ტიპის შეხვედრები ხშირად გაიმართება, რათა არ ჩამოვრჩეთ სამუშაოების ტემპს“. – განაცხადა ილია ბეგიაშვილმა.

პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს სატუმბი სადგურებისა და რეზერვუარების მშენებლობა, მაგისტრალური მილის და შიდა ქსელების მოწყობა, ამორტიზებული მილების ახლით ჩანაცვლება. ასევე, კანალიზაციის კოლექტორის მოწყობა და წყალარინების (კანალიზაციის) სატუმბი სადგურის მშენებლობა.

„მიმდინარე მასშტაბურ პროექტებზე მონიტორინგი მუდმივად ხორციელდება, დღეის მდგომარეობით სამუშაოების ტემპი დამაკმაყოფილებელია. ვიმედოვნებთ, პროექტი განსაზღვრულ ვადებში დასრულდება. ამასთან, სამუშაოების დროს დიდი ყურადღება ეთმობა შესრულების ხარისხს“ – განაცხადა ეკატერინე გალდავამ.

პროექტი 2021 წლის გაზაფხულზე დასრულდება, რის შემდეგაც ქალაქ მარნეულის და მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლების – წერეთლის, საიმერლოს, დიდი ბეგლარის, პატარა ბეგლარისა და ყიზილაჯლოს მოსახლეობა – ჯამში 35 000-მდე ადამიანი – სტაბილური წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს მარნეულის, ბოლნისისა და სოფელ ყიზილაჯლოს მოსახლეობა – ჯამში 37 000 – მდე ადამიანი.

მიმდინარე სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკი (ADB) 150 მილიონი ლარით აფინანსებს.

კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად