მარკ ცუკერბერგის პროგნოზით, 2030 წლისთვის პოლიტიკაში უფრო მეტი ახალგაზრდა ჩაერთვება

Facebook- ის დამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა მომავალი ათწლეულის განმავლობაში განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ ისაუბრა.

როგორც ცუკერბერგმა Facebook- ის გვერდზე დაწერა, თუ მანამდე ყურადღება მოკლევადიან დავალებებზე იყო გამახვილებული, წელს გრძელვადიან პერსპექტივაზე ფართო მსჯელობა შესაძლებელია.

კერძოდ, მისი აზრით, მომდევნო ათი წლის განმავლობაში, ახალგაზრდა თაობამ მეტი გავლენა უნდა მოიპოვოს. მარკ  ცუკერბერგი დარწმუნებულია, რომ 2030 წლისთვის პოლიტიკაში უფრო მეტი ახალგაზრდა ჩაერთვება და  გაცილებით მეტი ყურადღება დაეთმობა კლიმატის ცვლილების, განათლებისა და ჯანდაცვის საკითხებს.

ბიზნესმენის თქმით, ამჟამად სოციალური საზღვრების გაფართოებასთან ერთად, ადამიანებს საკუთარი უნიკალურობის შეგრძნება ხშირად უჭირთ. მისი განმარტებით, ვირტუალური რეალობის ტექნოლოგია დაეხმარება ხალხს, რომ სამუშაო დიდ ქალაქებში გადაადგილების გარეშე მოძებნონ.

მარკ ცუკერბერგი ასევე მიიჩნევს, რომ მომავალში, კერძო მეწარმეებისთვის უფრო მეტი შესაძლებლობები უნდა გაჩნდეს.

ცუკერბერგი ასევე შეეხო ინტერნეტის რეგულირების თემას. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიდ კომპანიებს ხშირად უწევთ მანევრირება სიტყვის თავისუფლებას და უსაფრთხოებას, კონფიდენციალურობის უფლებასა და სამართალდამცავ ძალებს შორის.

ცუკერბერგის აზრით, არსებული რთული სიტუაციების მოგვარება დემოკრატიული ხელისუფლების მხრიდან გარკვეული გადაწყვეტილებებით შესაძლებელია, რათა კონფიდენციალურობაც დაცული იყოს და შეუსაბამო შინაარსიც აღარ იყოს.

მან ასევე აღნიშნა დამოუკიდებელი ორგანოების მნიშვნელობა, რომლის საშუალებითაც საზოგადოება კონფლიქტური სიტუაციების მოგვარებას შეძლებს. მაგალითად, მან Facebook- ის ხელმძღვანელობით დამოუკიდებელი სადამკვირვებლო საბჭო მოიყვანა, რომელიც სოციალური ქსელების მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, კონტენტის თაობაზე მიმართონ.

თარგმანი: თაკო ჩხაიძე

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად