მარინა კალიურანდი ოპოზიციას: ვინც პარლამენტს ბოიკოტს უცხადებთ, გამოიჩინეთ ანალოგიური სიმამაცე და ხელი მოაწერეთ დოკუმენტს

“მივესალმები მთელი გულით, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის განცხადებას, რომ მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, ხელი მოაწერს კომპრომისულ დოკუმენტს, რომელიც ევროპული საბჭოს სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის შუამავლობით იყო მიღებული, რაც მიმართულია არსებული პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავლის ძიებისკენ.”

ამის შესახებ ესტონელი ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი twitter –ში წერს და მმართველი პარტიის გადაწყვეტილების შემდეგ ბოიკოტის რეჟიმში მყოფ პარტიებს მოუწოდებს, გამოიჩინონ სიმამაცე და ხელი მოაწერონ დოკუმენტს.

„დარწმუნებული ვარ, ეს კომპრომისული დოკუმენტი სთავაზობს მხარეებს, ბალანსირებულ გამოსავალს და ითვალისწინებს ყველა პოლიტიკური პარტიის ინტერესებს.

როგორც მოსალოდნელი იყო, ყურადღების ცენტრში პირველ რიგში იყო მმართველი პარტია. ახლა, როდესაც ამ უკანასკნელმა გადადგა გადამწყვეტი ნაბიჯი, მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელიც პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს გასულ შემოდგომას გამართული არჩევნების შემდეგ, გამოიჩინეთ ანალოგიური სიმამაცე და კეთილსინდისიერება და აგრეთვე მოაწერეთ ხელი ამ დოკუმენტს.

ისტორიამ ბევრ მაგალითზე გვასწავლა, რომ დიდმა პატრიოტებმა და სახელმწიფოებრივად მოაზროვნეებმა იციან, რომ გადაწყვეტილებები შეიძლება იყოს არაპოპულარული მოკლევადიან პერიოდში, მაგრამ ზოგჯერ აუცილებელი მათი ქვეყნისთვის საუკეთესოს მისაღწევად“, – წერს მარინა კალიურანდი.

შეგახსენებთ, „ქართულმა ოცნებამ“ ხელი მოსწერა ევროკავშირისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს.

კრისტიან დანიელსონმა საქართველოს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს დოკუმენტი 31 მარტს შესთავაზა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...