მარინა ეზუგბაია: 9 კრიტიკული პაციენტი გვყავს, 70-მდე კი მძიმე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი 9 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია,  70-მდე ინფიცირებული კი მძიმედ ფასდება.

 

„ქვეყანაში გვაქვს კორონავირუსის 2 937 დადასტურებული შემთხვევა. ამ მონაცემებით, კოვიდცენტრებსა და სასტუმროებში ერთად გახლავთ 1 488 პაციენტი. ამ პაციენტებში რამდენადაც მოხერხდა გუშინ მონაცემების შეჯერება, გახლავთ 9 კრიტიკული პაციენტი და მძიმე პაციენტების სია სადღაც 60-70 შორის მერყეობს“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

როგორც მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან განმარტა, უშუალოდ ინფექციური საავადმყოფოს კლინიკაში სულ 32 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკული რჩება, ხუთი პაციენტი კი მძიმედ ფასდება.

„ჩვენს ცენტრში დაგვემატა ორი პაციენტი და ახლა ინფექციურში 32 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან ერთის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია, ხოლო მძიმე პაციენტების სია გაიზარდა და დღევანდელი მონაცემებით, ინფექციურში ხუთი მძიმე პაციენტი გვყავს. დანარჩენი ინფიცირებულების მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქია“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად