A1 ბანერი

მარიამ ქვრივიშვილი Times-ის, National Geographic-ისა და სამთო ტურისტული გამოცემების ჟურნალისტებს შეხვდა

დიდი ბრიტანეთის წამყვანი მედიასაშუალებების წარმომადგენლები საქართველოს სამთო კურორტების პოტენციალს ეცნობიან. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, გავლენიანი გამოცემების The Times-ის, National Geographic-ის, ასევე პოპულარული სამოგზაურო და სამთო ტურისტული ჟურნალების InTheSnow Magazine-ის, Snow-Forecast.com-ისა და Mpora-ს ჟურნალისტებისთვის საქართველოს სხვადასხვა რეგიონში პრეს-ტური მოეწყო.

სამთო ტურიზმის თემატიკაზე მომუშავე ჟურნალისტებმა სვანეთში ჰაწვალისა და თეთნულდის კურორტები დაათვალიერეს, აჭარაში გოდერძის სამთო-სათხილამურო კურორტი მოინახულეს, ბრიტანელ ჟურნალისტებს თბილისში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი შეხვდა და საქართველოს დედაქალაქის ისტორიული უბნები გააცნო.

ერთკვირიანი ტურის ფარგლებში წამყვანი მედიასაშუალებების წარმომადგენლები გუდაურსაც ეწვევიან, სადაც კობი-გუდაურის დამაკავშირებელ ახალ საბაგიროს და ახალ სათხილამურო ტრასებს მოინახულებენ. ბრიტანელი ჟურნალისტები ტურის დასრულების შემდეგ საქართველოს შესახებ მსოფლიოში პოპულარული გამოცემებისთვის სტატიებს მოამზადებენ.

პრეს-ტური დიდი ბრიტანეთიდან აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის და მთის კურორტების განვითარების კომპანიის მხარდაჭერით გაიმართა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...