მარიამ ქვრივიშვილი: საქართველო მოწინავე ქვეყანაა პენიტენციურ დაწესებულებებში კორონავირუსის წარმატებულად მართვის კუთხით

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, კორონავირუსთან ბრძოლის პერიოდში, ძალიან ბევრი უწყების ეფექტური მუშაობა გამოიკვეთა (საკოორდინაციო საბჭოსა და ჩვენი ჯანდაცვის ექსპერტების ხელმძღვანელობით), რაც ძალიან კარგად არის დანახული და შეფასებული ჩვენი საზოგადოების მიერ.

„თუმცა, ვფიქრობ, რომ განსაკუთრებით ხაზგასასმელია ის უდიდესი შრომა და წარმატებული საქმიანობა, რაც ჩვენმა პენიტენციურმა სამსახურმა, იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით, განახორციელა პანდემიის დროს ჩვენი მსჯავრდებულების ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად.

თავდასხმა წარმატებულ პროგრამებსა თუ უწყებებზე სამწუხაროდ ჩვეული მოვლენა გახდა, მაშინ როდესაც საქართველო მსოფლიოს მასშტაბით მოწინავე ქვეყანაა პენიტენციურ დაწესებულებებში კორონავირუსის წარმატებულად მართვის კუთხით, რასაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც ერთხმად აღიარებენ.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებისთანავე, 2020 წლის მარტიდან ტარდება კომპლექსური პრევენციული ზომები:

1. ე. წ. მიმღებ პენიტენციურ დაწესებულებებში (№5 – ქალთა, №8 – გლდანის, №2 – ქუთაისის) მოწყობილია სამედიცინო საკარანტინო ზონები, სადაც ხდება ახალდაკავებული ბრალდებულების მოთავსება, რათა არ მოხდეს მათი შერევა დაწესებულების დანარჩენ კონტინგენტთან. ტარდება ახალდაკავებული პირების სკრინინგი და ტესტირება.

2. თანამშრომლები სისტემატურად (კვირაში ერთხელ) გადიან PCR ტესტირებას.

3. 2020 წლის ბოლოდან დაიწყო პატიმრების ინტენსიური PCR ტესტირება, რომელიც მთელ პენიტენციურ სისტემას მოიცავს და, შესაბამისად, პატიმრები ყოველ ორ კვირაში ერთხელ გაივლიან PCR ტესტირებას

ზემოაღნიშნული პრევენციული ზომების შედეგად ხდება ვირუსის შესაძლო შემთხვევების დადგენა და დროული მკურნალობა.
სწორედ ასე მოხერხდა ათი თვის განმავლობაში პენიტენციური დაწესებულებების ვირუსისგან სრულად დაცვა, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველას კარგად გვესმის, რომ პენიტენციური სისტემა არის ქვეყნის ეპიდვითარების ნაწილი და ვირუსის ცალკეული შემთხვევების აღმოჩენის მიუხედავად, ვითარება პენიტენციურ სისტემაში სრულად ექვემდებარება კონტროლს.
გავრცელებული ცრუ ინფორმაციის საპასუხოდ კი – 13 იანვარის მონაცემებით, ინტენსიური PCR ტესტირების ფარგლებში, ტესტირება N6 დაწესებულების 143 მსჯავრდებულს ჩაუტარდა და ყველა პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...