მარიამ ქვირივშვილმა ფასდაკლების კვირეულის ფარგლებში აჭარაში პრეს-ტურს უმასპინძლა

საქართველოს ტურისტულ რეგიონებში ფასდაკლების კვირეული დაიწყო.ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მხარდაჭერით აჭარაში “Discount Week”-ის კამპანია ტარდება. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ფასდაკლების კვირეული რეგიონში 8 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. კამპანიაში აჭარის 12 სასტუმროა ჩართული. სასტუმროები დამსვენებლებს 30%-დან 61%-მდე ფასდაკლებას სთავაზობენ.

ფასდაკლების კვირეულთან დაკავშირებით ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ აჭარაში პრეს-ტური გამართა. ტურში სხვადასხვა მედიასაშუალებების 20-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა.

ფასდაკლების კვირეულის ფარგლებში ჟურნალისტებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვირივშვილი და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი შეხვდნენ.

ფასდაკლების კვირეულისთვის სპეციალური მარკეტინგული კამპანია შემუშავდა, რომელიც პროექტის სატელევიზიო გაშუქებას და სოციალურ ქსელში რეკლამას მოიცავს. სპეციალურ ვებ-გვერდზე discount.georgia.travel განთავსებულია კვირეულში მონაწილე ყველა სასტუმრო შესაბამისი შეთავაზებით.

ფასდაკლების მისაღებად მომხმარებელმა სასურველ სასტუმროს დაჯავშნის ნომერზე დარეკვით უნდა წარმოადგინოს სპეციალური პრომო კოდი რომელიც განთავსებული იქნება ვებ-გვერდზე discount.georgia.travel-ზე.

“Discount Week” საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ტურისტული სერვისების ფასდაკლების კვირეულს მოიცავს. კამპანიის მიზანია რეგიონის პოპულარიზაცია და არასეზონურ პერიოდში შიდა ტურიზმის წახალისება.

“ძალიან სასიხარულოა, რომ დღეს ძალიან ბევრი ტურისტი ვნახეთ აჭარაში, მახუნცეთის ჩანჩქერთან. ჩვენი მიზანია ფასდაკლების კვირეულის პროექტის შესახებ ინფორმაცია საქართველოში მეტ ადამიანს გავაგებინოთ. ჩვენი მთავარი მიზანია აჭარა, ტურისტული პროდუქტებით გავხადოთ ოთხსეზონიან მიმართულებად. ყველა ის ულამაზესი ადგილი, რაც აჭარაშია, განსაკუთრებით სამთო-სათხილამურო კურორტი გოდერძი პოპულარული გავხადოთ, როგორც შიდა ასევე უცხოელი ტურისტებისთვის.” -განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...