მარიამ ჯაში: განათლების რეფორმაში კორუფციის რისკი მინიმუმადე უნდა იყოს დაყვანილი

დანიშვნიდან 7 თვის თავზე განთლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, ქართულ სასკოლო განათლებაში ცვლილებების შესახებ განაცხადა.

სამინისტროს ინიციატივით, 2019 წელს, მე-11 კლასელებისთვის გამოსაშვები გამოცდები შესაძლოა გაუქმდეს, ხოლო 2020 წლიდან ეროვნული გამოცდებზე ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება სავალდებულო აღარ იქნება და თითოეულ პროგრამაზე ბარიერს უნივერსიტეტები დაადგენენ. 

სამინისტროს ინიციატივის 2020 წლიდან გამოსაშვები გამოცდების გაუქმება იგეგმება მე-12 კლასის მოსწავლეებისთვისაც.

დაანონსებულ ცვლილებებზე „აიპრესის“ კითხვებს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში პასუხობს.

_ განათლების სამინისტრომ ისე წარმოადგინა პროექტი, რომ  საჯარო მსჯელობა არ ყოფილა, უცებ გამოვიდა მინისტრი და წარადგინა, არსად წერია რა რისკებს შეიცვას პროექტი და რა იყო ამ ცვლილების მიზეზი?  

_ აღნიშნული ცვლილება 2020 წლისთვის არის დაგეგმილი. შესაბამისად საკმარისზე მეტი დრო გვაქვს ყველა შესაძლო ვერსია განვიხილო დაფინანსების თემასთან დაკავშირებით.

მსოფლიო ბანკთან ერთად განათლების სამინისტრო, ჩვენი კომიტეტიც არის ჩართული და მუშაობს ახალ სქემაზე, რომელიც განსხვავებული იქნება ერთიანი მიდგომისგან, ასევე იქნება ინდურგენცირებული პუმანიტარული, ტექნიკური და სახელოვნებო მიმართულებებით.

დღეს არსებული უმაღლესი სასწავლებლების დაფინასება ვერ პასუხობს ყველა იმ საჭიროებებს და არათანაბარ პირობებში აყენებს ხარისხობრივ, უფრო კომპლექსურ დისციპლინებს, მათ შორის ბიო სამედიცინო სფეროს. ამდენად, 2020 წლისთვის ჩვენ გვექნება ახალი სისტემა, სადაც ყველა რისკი იქნება გათვალისწინებული.

ბუნებრივია ჩვენ ვიქნებით მიმართული განსაკუთრებით კორუფციის თვალსაზრისით, ყველა რისკი მინიმუმადე უნდა იყოს დაყვანილი.

_ ძალიან ბევრი პედაგოგი კერძოდ ამზადებდა მოსწავლეებს, წარმოდგენილი პროექტით ფაქტობრივად მათ საარსებო წყარო ეკეტებათ…

_ ზოგადად კერძო პედაგოგების საკითხი არის საკმაოდ რთული თემა. მოგეხსენებათ რომ ეს არის ტრადიცია, რომელიც ჩვენ საზოგადოებაში ათწლეულებია არსებობს, თუმცა ეს ტრადიცია უფრო უკავშირდება არჩევითობას და არა სავალდებულო კერძო პედაგოგების დახმარებას.

დღეს, სასწორის სხვადასხვა პინაზე უნდა ავიტანოთ რამდენიმე ათასი კერძო პედაგოგის დამოკიდებულება ამ პროცესის მიმართ( რა თქმა უნდა, უღრმესი პატივისცემით თითოეული მათგანის მიმართ) და მეორე  მხარეს 600 000 ბავშვის და მათი ოჯახის ინტერესი.

პირადად ჩემთვის არის ცნობილი, იმისთვის რომ მოსწავლეებს საჯარო სკოლა დაესრულებინა და უმაღლესი განათლების საფუძველზე გაგრძელების საშუალება ჰქონოდათ, ოჯახებს  ხშირად კრედიტის გამოტანა უწევდათ, რომ ეხადათ კერძო პედაგოგთან სწავლის ანაზღაურება. ვფიქრობ ეს საკითხიც დასაბალანსებელია საზოგადოებრივი განხილვის დროს.

ჩვენ გვინდა სისტემა, მასწავლებლების ანაზღაურება, რომლებიც არ იქნება კერძო მოსწავლეების მომზადებაზე დაფუძნებული. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ პედაგოგების ხელფასის მნიშვნელოვან ზრდაზე, პარალელურად იმ სასწავლო პროგრამის მიწოდებაზე, რომელიც უმაღლესი განათლების სწავლის გაგრძელების ყველა კრიტერიუმს უპასუხებს და ამ მიმართულებით გავაგრძელოთ.

შეგახსენებთ, “აიპრესთან” მარიამ ჯაშმა განაცხადა, რომ პარლამენტში დააყენებს საკითხს, წელსვე გაუქმდეს მე-12 კლასელებისთვის გამოსაშვები გამოცდები

სტატიის ავტორი ირმა მესხია
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად