მარიამ ჯაში: პოლიტიკაში ქალთა მაღალი წარმომადგენლობა პირდაპირ კავშირშია დემოკრატიასთან

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში პარლამენტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებაში გენდერულ კვოტირებას მხარს უჭერს.

როგორც ჯაში „აიპრესთან“ ინტერვიუში აცხადებს, იმ ფონზე, როდესაც განათლების არც ერთ ეტაპზე საქართველოში გენდერული დისბალანსი არ არის, აბსოლუტურად არალოგიკურია მსჯელობა, რომ ქვეყანაში არ გვყავს თუნდაც 30% კვალიფიციური ქალბატონი, რომლებიც პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად შეძლებენ ჩართვას. 

თუმცა, დეპუტატი მიიჩნევს, რომ კონკრეტული კანდიდატების წამოყენების და არჩევის პირობა კვალიფიკაცია და კომპეტენცია უნდა იყოს. 

„ქალთა კვოტირებას პირადად მე მხარს ვუჭერ, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ვარ ქალბატონების წარმომადგენელი, არამედ იმ კონკრეტული ანალიზის და არგუმენტაციის საფუძველზე, რომელიც გვიჩვენებს, რაც უფრო მეტია ქალი, როგორც საპარლამენტო, ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებაში და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს შორის… 163 ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული კვლევიდან, მინდა მოგახსენოთ, რომ პირდაპირი კავშირი არსებობს ქალების მაღალ წარმომადგენლობასთან პოლიტიკურ ცხოვრებაში და ქვეყნების დემოკრატიის, თავისუფლების ინდექსებთან. ეს გახლავთ არაერთჯერადად დადასტურებული ფაქტები. 

მეორეს მხრივ, ობიექტურად, რომ ვიმსჯელოთ, თუ მოსახლეობის 50% წარმოდგენილი არიან ქალბატონების მხრიდან, თუ კი საქართველოში გენდერული დისბალანსი არ გვაქვს განათლების არც ერთ ეტაპზე, არც ზოგადი და არც უმაღლესი განათლების ეტაპზე, აბსოლუტურად არალოგიკურია ვიმსჯელოთ,რომ ჩვენ არ გვეყოლება თუნდაც 30% კვალიფიცირებული ქალბატონებისა, რომლებიც შეძლებენ პოლიტიკურ პროცესებში უფრო აქტიურად ჩართვას. ამდენად, ჩემი პირადი პოზიციაა კვოტირება, თუმცა, კონკრეტული კანდიდატების შერჩევა მნიშვნელოვანია, რადგან გენდერი არ უნდა გახდეს შერჩევის პირობა, კვალიფიკაცია და კომპენტეცია უნდა იყოს წამყვანი ნებისმიერი კანდიდატის წამოყენების და არჩევის შემთხვევაში“, – აღნიშნა მარიამ ჯაშმა. 

"აიპრესი" მარიამ ჯაშთან სრულ ინტერვიუს პარასკევს შემოგთავაზებთ. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად