მარიამ ჯაში გამოცდების გაუქმებაზე: პოლიტიკური მხარდაჭერის პრობლემა ამ კანონს არ ჰქონია

“პოლიტიკური მხარდაჭერის პრობლემა ამ კანონს არ ჰქონია და ეს გახლდათ მხოლოდ ტექნიკური საკითხი”,- ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა ჟურნალისტებს პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე “ზოგადი განათლების შესახებ” კანონში ცვლილებების თაობაზე კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღების შემდეგ განუცხადა.

“იმის მიუხედავად, რომ ჩვენმა კოლეგებმა ოპოზიციიდან ყველაფერი გააკეთეს, რომ კენჭისყრა არ შემდგარიყო, ერთგვარი პროცედურული ომი არის დასრულებული და კანონი არის მხარდაჭერილი. პოლიტიკური მხარდაჭერის პრობლემა ამ კანონს არ ჰქონია და ეს გახლდათ მხოლოდ ტექნიკური საკითხი. შესაბამისად, დღეს უკვე საატესტატო და ეროვნულ გამოცდებს შორის არსებული დუბლირება არის აღმოფხვრილი. მე- 11 და მე- 12 კლასის გამოცდების ჩატარება არის შესაბამისად კანონის დონეზე ამოღებული. საკითხი არის დახურული”-განაცხადა მარიამ ჯაშმა.

“ზოგადი განათლების შესახებ” კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა, რომლის საფუძველზე, სკოლებში გამოსაშვები გამოცდები გაუქმდება.

დეპუტატებმა ცვლილებებს კენჭი უყარეს დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე, კანონპროექტს 80 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, რვა წინააღმდეგ წავიდა.

კანონპროექტი პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განმეორებით კენჭისყრაზე დადგა, რადგან 5 აპრილის პლენარულ სხდომაზე დამტკიცებისთვის ხმები არ ეყო და ცვლილებები კენჭისყრის შედეგად ჩავარდა.

მმართველი გუნდი აღნიშნულის მიზეზად ტექნიკურ პრობლემას ასახელებდა.

პარლამენტის გადაწყვეტილებით, უქმდება სკოლის გამოსაშვები გამოცდები. გარდა ამისა, სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩაბარების ვალდებულებისგან თავისუფლდებიან პირები, რომლებმაც სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ვერ მოიპოვეს.

საუბარია იმ პირებზე, რომლებმაც 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე ზოგადი განათლების საშუალო საფეხური დაძლიეს და მონაწილეობა არ მიუღიათ სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში. ასევე, პირებზე, რომლებმაც 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე ზოგადი განათლების საშუალო საფეხური დაძლიეს და მონაწილეობა მიიღეს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში, მაგრამ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – ატესტატის მოპოვებისთვის საჭირო საგნებში დადებითი შეფასება ვერ დააგროვეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად