მარგველაშვილი “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონპროექტზე: ასეთი შეურაცხყოფა არც შევარდნაძეს მოსვლია თავში და არც სააკაშვილს

“ასეთი შეურაცხყოფა არ მოსვლია თავში არც შევარდნაძეს, არც სააკაშვილს, არც მე, რადგან ბუნებრივია მადლობლები უნდა ვიყოთ ამ ხალხის”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონპორექტთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყველა თანამშრომლის ადმინისტრაციული ხელშეკრულებიებით დასაქმებაზე გადაყვანას ითვალისწინებს.

მისი თქმით, ეს ინიციატივა არცერთ პოლიტიკურ თეორიასთან კავშირში არ არის.

“პრეზიდენტს აქვს ორი ტიპის თანამშრომლებთან საქმე. პირველი არის ფიქრია ჩიხრაძე, გიორგი აბაშიშვილი და სხვები, ვინც პოლიტიკურ გუნდს წარმოადგენენ. ესენი არიან ადამიანები, ვისაც პრეზიდენტი გამოყოფს თავისი შეხედულებების მიხედვით და ყოველგვარი კონსულტაციის გარეშე ვნიშნავ.

არის კიდევ 100 ადამიანამდე, რომლებიც მუშაობენ საჯარო სამსახურის სტანდარტებიდან გამომდინარე და არ აქვთ შეხება პოლიტიკურ პრეფერენციებთან. ამის განმარტება, რომ მიხდება ძალიან ცუდ რამეზე მეტყველებს. ეს ის თემებია, რომელსაც 90-იან წლებში გავდიოდით, რომ სამინისტროს თანამშრომლები არ უნდა იცვლებოდნენ თუ მინისტრები იცვლებიან და ა.შ. ამის შემდეგ ამ მიმართულებით ჩაიდო ჩვენი პარტნიორების მილიონები. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობენ ადამიანები, ვინც დაიწყეს მუშაობა გამსახურდიას დროს და ასეთი ადამიანები საამაყო არიან. პრეზიდენტები იცვლებოდნენ და ეს ხალხი არ იცვლებოდა. ერთ-ერთი ყველაზე სამაგალითო უწყებაა ყველა მიმართულებით. ვინც ამდენი წლის განმავლობაში ემსახურნენ და ვისაც ჩვენგან მადლობა ეკუთვნით, უცებ ამ ადამიანების მიმართ გამოდის დამსჯელობითი, ინკვიზიციური აქტი, რომ თურმე თქვენ არ ხართ საჯარო მოხელეებიო. წლები ემსახურები საქართველოს და უცებ გეუბნებიან, რომ ჩვენი ინკვიზიციური მენტალობით აღარ ხართ საჯარო სამსახურში“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად