მანდარია: ვვარაუდობთ,რომ ჩატარებული სამუშაოების შედეგად, მალე შევძლებთ ბაკურიანის პრობლემურ სასტუმროებში წყალმომარაგების აღდგენას

ბაკურიანში რამდენიმე სასტუმროსთვის წყლის მიწოდების პრობლემის აღმოსაფხვრელად სამუშაოები მთელ ღამე მიმდინარეობდა.

“ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ვვარაუდობთ, რომ მალე შევძლებთ რეზერვუარში სრული დატვირთვით წყლის დამატებითი მარაგის მიღებასა და ბაკურიანის პრობლემური ადგილების წყლით უზრუნველყოფას. ამ დროისთვის, დამატებითი დებიტი მოძიებულია, მიყვანილია რეზერვუარამდე და მიმდინარეობს შესაბამისი ტექნიკური სამუშაოები. თუ, მაგისტრალზე რაიმე დაზიანება არ მოხდა, სხვა დამაბრკოლებელი გარემოება არ გვაქვს”-აცხადებს წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელი.

გრიგოლ მანდარიას განცხადებით,ბაკურიანის 85%–ს წყალი სტაბილურად მიეწოდება, პრობლემა აქვს სამ მსხვილ ობიექტს -„მგზავრების პანორამა“, ,,რუმსს” და ,,მგზავრები”-ს რამდენიმე კურპუსს.

მისივე თქმით, მაქსიმუმი კეთდება იმისათვის, რომ აღნიშნულ სასტუმროებს წყალმომარაგება დღეიდან სრულად აღუდგეს.

რაც შეეხება გუდაურში, ,,რედკოს დასახლება”-ში წყალმომარაგების კუთხით ამ ეტაპზე არსებულ ვითარებას, კომპანიის დირექტორის თქმით, აქ პრობლემა აღმოფხვრილია და დასახლებას წყალი სტაბილურად მიეწოდება.

,,მიუხედავად ამისა, დღეს მობილიზებული იქნება 25 კაციანი ჯგუფი, ვაპირებთ სარეზერვო ხაზის მშენებლობას, იმისთვის, რომ დამსვენებლების მკვეთრი ზრდის შემთხვევაში პრობლემა არ შეიქმნას და შევძლოთ მთლიანი გუდაურის უწყვეტი წყლის მიწოდებით უზრუნველყოფა“. – განაცხადა გრიგოლ მანდარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად