მანჩესტერელთა ზედიზედ მე-19 მოგება – „მანჩესტერ სიტიმ” ჩემპიონთა ლიგაზე მენხენგლადბახში გაიმარჯვა

უეფას ჩემპიონთა ლიგაზე პირველი მერვედფინალური შეხვედრების ბოლო ორი მატჩი გაიმართა

მენხენგლადბახის „ბორუსია” მანჩესტერის „მანჩესტერ სიტის” ბუდაპეშტის „პუშკაშ არენაზე” მასპინძლობდა.

წყვილში ფავორიტად მიჩნეულმა „მანჩესტერ სიტიმ” 29-ე წუთზე პორტუგალიელი ბერნარდო სილვას და 65-ე წუთზე ბრაზილიელი გაბრიელ ჯესუსის მიერ გატანილი გოლებით დაამარცხა „ბორუსია”.

აღსანიშნავია, რომ „მანჩესტერ სიტიმ” ზედიზედ მე-19 შეხვედრა მოიგო.

სტუმრებმა გაიმარჯვეს ბერგამოში, სადაც „გევის სტედიუმზე” „ატალანტას” მადრიდის „რეალი” სტუმრობდა.

შეხვედრის მე-17 წუთზე გერმანელმა არბიტრმა უხეში თამაშისთვის ზედმეტად მკაცრი, არცთუ დამაჯერებელი სასჯელი გამოუტანა მასპინძელთა შვეიცარიელ ნახევარცველ რემო ფლოილერს, მინდვრიდან გააძევა იგი და კაცნაკლულმა „ატალანტამ” ვერ შეძლო განმეორებითი შეხვედრის წინ თუნდაც ფრედ თამაშის დასრულება.

ერთადერთი გოლი შეხვედრის მიწურულს, 86-ე წუთზ, „რეალის” ფრანგმა მცველმა ფერლანდ მენდიმ გაიტანა.

რვა პირველი მერვედფინალური შეხვედრიდან მასპინძლებმა ერთადერთხელ გაიმარჯვეს („პორტუ” – „იუვენტუსი” 2:1), შვიდ შეხვედრაში კი მარცხი განიცადეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...