მანანა ომარაშვილი: “ცოტა უფრო მოძლიერდნენ ქალები…”

"თითოეულმა უნდა გაითავისოს, რომ სხვის ოჯახში ძალადობის იგნორირება მასაც შეეხება" – ინტერვიუ ფსიქოლოგთან 

ფსიქოლოგი მანანა ომარაშვილი ოჯახში ძალადობის პრობლემას ქართული საზოგადოების გულგრილობას და თვითცნობიერების დაბალ დონეს უკავშირებს. 

 – ბოლო პერიოდში გახშირდა როგორც ოჯახში ძალადობის ფაქტები, ასევე მსხვერპლის მომართვიანობა ტრეფიკინგის სახელმწიფო ფონდში, რა ტენდენციებზე მეტყველებს ეს ფაქტი?

 – ამბობენ, თითქოს თუ განათლების დონე აიწევს, შემთხვევებმაც უნდა დაიკლოს, მაგრამ მაინც ბევრი ფაქტი ხდება, ამ ყველაფერში ძალიან ბევრი ფაქტორია ჩართული.

 საქართველოში 2008-2010 წლებში შემუშავდა ბავშვთა დაცვის პროცედურები, ეს გულისხმობს იმას, რომ პროფესიონალები იყვნენ ჩართულები და  ვასწავლიდით – როგორ გამოავლინონ ძალადობის ნიშნები, თუ გამოვლინდა, როგორ მოახდინონ იდენტიფიკაცია და შემდეგ როგორ და ვისთან გადაამისამართონ. ამის შემდეგ, უფრო მეტი ხალხი მიმართავდა ამ გადამისამართების პროცედურებს.

 მაგალითად 2013 წლის ივნისში UNICEF-მა ჩაატარა კვლევა,  სადაც მონაწილეობდნენ მანდატურები, სოციალური მუშაკები, პედაგოგები. როდესაც ეკითხებოდნენ ბავშვზე ძალადობის შესახებ, ბევრმა არ იცოდა, რომ გადამისამართების პროცედურები არსებობდა.  ბევრი თვლიდა, რომ ოჯახში ძალადობა ოჯახის საქმეა, ეს იყო ამ ადამიანების 60%.  2008-ში რომ ჩაეტარებინათ ეს კვლევა, ალბათ იქნებოდა 80-90%

ფიქრობდნენ: მე თუ განვაცხადებ, რომ ჩემზე ძალადობს მეუღლე ან სხვა, ამას შედეგად არაფერი მოჰყვება. ახლა უკვე ხედავენ, რომ არსებობს გარკვეული ინსტიტუციები, რომელსაც შეიძლება ადამიანმა მიმართოს.

 – ოჯახური ძალადობის მსხვერპლის მხრიდან გაიზარდა თუ არა ნდობის ფაქტორი სამართალდამცავების მიმართ?

 – დიახ, გაიზარდა, ცოტა უფრო მოძლიერდნენ ქალები… მეტი იმედი მიეცათ, რომ სხვები დაეხმარებიან, მეტმა ადამიანმა დაიწყო ამაზე საუბარი. ძალიან ბევრი ვიმუშავეთ ამ ორი წლის განმავლობაში. უამრავი ტრენინგი გვქონდა, რომ აგვეხსნა ადამიანებისთვის, თუ რა არის ეს ძალადობა და იგივე ბავშვის აღზრდა რა მეთოდებით უნდა მოხდეს. 2008-2010 წლებში ვატარებდით ტრენინგებს ქვემო ქართლში, აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობაში და გამოიკვეთა პრობლემა, რომ ძალიან მცირე ინფორმაცია ჰქონდათ არაძალადობრივი აღზრდის მეთოდებზე. UNICEF-ის 2013 წლის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 82%-მა თქვა, რომ ძალადობა ცუდია და 60%-მა თქვა, რომ ძალადობრივი მეთოდებით აღზრდა არის მისაღები დისციპლინური სასჯელი. ეს ორი მონაცემი ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის.კიდევ ერთი პარადოქსი დაფიქსირდა, უფრო ქალები ამბობდნენ, რომ ბავშვთან ძალადობრივი მეთოდები უნდა გამოიყენო, ვიდრე კაცები. უფრო ქალები გამოვიდნენ მოძალადეები ბავშვების მიმართ, როცა ქალების მიმართ უფრო კაცები არიან მოძალადეები.

 – რა ფაქტორები ამოძრავებს მოძალადეს, როდესაც იგი ძალადობს ახლობელ ადამიანზე?

 – აქაც კომპლექსურად უნდა შევხედოთ საკითხს, ტრადიციები ძალიან ბევრს განსაზღვრავს. აგრეთვე გასათვალისწინებელია დაუსჯელობის სინდრომი, იმიტომ რომ „ოჯახის საქმე არის ოჯახის საქმე და სხვას არ აქვს უფლება   ჩაიხედოს“. ამიტომ, ეს შემთხვევები დაუსჯელი რჩება. მოძალადეების უმეტესობა ბავშვობაში თვითონ იყო მსხვერპლი, ვიღაც ძალადობდა მასზე, მშობლები, თანატოლები ან სხვა, ეს აგრესია მას დაუგროვდა, ახლა უკვე თვითონაც უნდა იძალადოს, რომ კომპენსირება მოახდინოს იმ განცდების, რაც ჰქონდა ბავშვობაში.

 არის აგრეთვე მიმბაძველობა, ხშირად გამეორებული რეპორტაჟები ტელევიზიებით, ამას  ინფექციის ეფექტი აქვს. არსებობს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მისი ძალადობრივი ქმედება, ამ შემთხვევაში აუცილებელია მკურნალობა.

 – ამ შემთხვევაში უნდა იზრუნოს თუ არა სახელმწიფომ მოძალადეების  რეაბილიტაციაზე, უნდა შესთავაზოს თუ არა სერვისები და ფსიქოლოგიური დახმარება?

 – დაიწყო ამ მიმართულებით მუშაობა. ამ ბოლო დროს  ბევრ სისტემაში ჩატარდა ტრენინგები მოძალადის ფსიქოლოგიაზე, მაგალითად როგორ იმუშაოს სოცმუშაკმა, ფსიქოლოგმა მოძალადესთან არა დასჯის, არამედ მისი ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის კუთხით. ეს უნდა მოხდეს იმისათვის, რომ შემცირდეს დანაშაულის ჩადენის ალბათობა და შეძლოს საკუთარი ქცევის ანალიზი.

 –UNICEF-ის კვლევის თანახმად, საქართველოში მცხოვრები ბავშვების 27%  სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს. ამ ბავშვების რეაბილიტაციაზე და სწორ აღზრდაზე ვინ უნდა იზრუნოს? არსებობს თუ არა იმის საფრთხე, რომ მომავალში ამ ბავშვების გარკვეული ნაწილი მოძალადეები გახდებიან?

 –  ბუნებრივია, არის მეტი რისკი, რომ შემდგომში მას ჰქონდეს მოძალადის თვისებები, ან თუნდაც მსხვერპლის ფსიქოლოგია ჩამოუყალიბდეს ბავშვობიდან. ვინ უნდა იზრუნოს მათზე? ვიცი რომ გარკვეული ნაბიჯები იდგმება როგორც არასამთავრობოების, ასევე სახელმწიფოს მხრიდან, თუმცა უფრო მეტი ქმედითი ნაბიჯებია საჭირო. არსებობს ფონდი ჯანდაცვის სამინისტროში, ეს ფონდი ეხმარება ოჯახების გაძლიერებას, მაგრამ ფონდი უნდა იყოს ძალიან მოქნილი, შეისწავლოს თუ რა სჭირდება იმ ოჯახს განვითარებისთვის და რა საჭიროებაც აქვს, ის მიაწოდოს. ეს მოქნილება არ აქვს ამ ფონდს და ამის გამო არ არის ისეთი ეფექტური, როგორიც უნდა იყოს. თუ ვთქვათ ოჯახს უყიდი მაცივარს, ავეჯს, ეს არ არის ოჯახის გაძლიერება. ოჯახის გაძლიერებას სჭირდება მეტი სპეციალისტის ჩართვა, კომპლექსური დახმარება და არა ფონდიდან გამოყოფილი თანხა, რომელსაც ვერც 1000 და ვერც 3000 ლარი ვერ მოაგვარებს, თუ ზუსტად არ იქნება გაწერილი იმ ოჯახის განვითარების კონკრეტული გეგმა.

 – რა ფსიქოლოგიური და ქცევის თვისებები გააჩნიათ ბავშვებს, რომლებიც ოჯახური ძალადობის მსხვერპლი არიან და რომლებიც შეიძლება პოტენციური მოძალადეები გახდნენ?

 –ეს იქნება შეცდომა, რომ ვთქვათ, ასეთი ნიშნები არსებობს და თუ ასეთი ნიშნები აქვს, ის მოძალადე იქნება. თუ გარკვეული პრობლემები აქვს ბავშვს, შემდგომ ის რამდენად შეძლებს ამ პრობლემების გადალახვას, დამოკიდებულია ძალიან ბევრ ფაქტორზე – რა გარემოში მოხვდება, რა შინაგანი  რესურსები აქვს, იგივე ინტელექტუალური. ამ რესურსების შედეგად მან შეიძლება ისე გადალახოს ეს პრობლემები, რომ მოძალადე კი არა, ბავშვთა დაცვის სპეციალისტი გახდეს. ცნობილია, რომ ის ადამიანი, რომელიც თავად იყო მსხვერპლი, შეიძლება თვითონვე იბრძოლოს ამის წინააღმდეგ მომავალში.  ეს არის შინაგან რესურსებზე, გარემოზე დამოკიდებული და იმ თვისებებზეც, რაც ზოგჯერ მემკვიდრეობით მოგვყვება.

 –  ხშირად მეზობლები, თვითმხილველები მალავენ ძალადობის ფაქტებს, პოლიციაში ჩვენებებს არ აძლევენ, ამ კუთხით რა ღონისძიებები უნდა გატარდეს?

 – ადამიანი უნდა მიხვდეს, რომ ეს ისეთი პრობლემაა, რომელიც შეიძლება მასაც შეეხოს. იგივე მაგალითად, ის თვალს ხუჭავს ძალადობაზე მეზობლის ოჯახში, ამ ოჯახში გაზრდილი ბავშვი შეიძლება აღმოჩნდეს მისი შვილის კლასელი, რომელიც მერე მის შვილზე იძალადებს, იმიტომ რომ ასეთ არასასურველ ფსიქოლოგიურ გარემოშია გაზრდილი.

 აქ ისევ თვითცნობიერების ამაღლების მნიშვნელობის საკითხი დგას. მოძალადე, რომელიც ცოლს სცემს, შეიძლება ერთ დღეს იარაღით დათრგუნულ მეზობელს შეუვარდეს. როდესაც საზოგადოება იგრძნობს, რომ ძალადობა მხოლოდ ოჯახის პრობლემა არ არის და ეს ერთ დღეს მასაც შეეხება, ის ერთ მშვენიერ დღეს არ დარჩება გულგრილი და გადადგამს ქმედით ნაბიჯებს.

 – თქვენი პრაქტიკიდან გამომდინარე, რამდენად ხშირია შემთხვევები, როდესაც ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალები თავშესაფრებიდან ოჯახში ბრუნდებიან?

 – ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე დაახლოებით 25% ბრუნდება ოჯახში. აქედან 10% ახერხებს, რომ გაიუმჯობესოს მდგომარეობა.

 – როგორ შეაფასებდით შსს-ს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კამპანიას, რამდენად ეფექტურია წამოწყებული აქცია?

 –  ძალიან კარგი ინიციატივაა, მაგრამ ეს უნდა იყოს პერმანენტული, გაცილებით  ყოვლისმომცველი, მთელ საქართველოზე უნდა ვრცელდებოდეს, განსაკუთრებით ეროვნულ უმცირესობებზე, იქ გვაქვს ძალიან მძიმე მდგომარეობა, ადრეული გათხოვება, ჯერ კიდევ არსებობს გოგოების გატაცებები, სკოლას ვერ ამთავრებენ, ძალადობის მსხვერპლი გოგოებიც ძალიან ბევრია.

   – რა გავლენას მოახდენს საზოგადოებაზე, თუ საპატრიარქო აქტიურად ჩაერთვება ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში?

 – რა თქმა უნდა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ძალიან ბევრი მართლმადიდებელი ადამიანი ენდობა და ითვალისწინებს პატრიარქის სიტყვებს. თუმცა, თვითცნობიერების ამაღლება  ყველაზე საუკეთესო გამოსავალია. პედაგოგებისთვის, სოცმუშაკებისთვის, პოლიციელებისთვის  ისეთი პროგრამა უნდა შედგეს, რომ გამოიწვიოს ადამიანის ღირებულებების ცვლილება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...