მანანა კობახიძე: უპრეცედენტოა, როდესაც ხელისუფლება შედის ოპოზიციასთან დიალოგში

"პრობლემა რომ არის ეს ფაქტია. ადამიანები ითხოვენ გარკვეულ ცვლილებებს და აუცილებელია, რომ მაგიდასთან მშვიდად, შიმშილობის გარეშე განვიხილოთ ის ცვლილებები, რომელზეც მათ აქვთ აქცენტები",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მანანა კობახიძემ სასტუმრო "რადისონში" ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრის შემდეგ. 

"დარბაზში ოპოზიციის წარმომადგენლები საუბრობდნენ, რომ ნამდვილად კარგია ამ დისკუსიის დაწყება. გარკვეული წინადადებები ჰქონდათ, თუმცა უფრო ზოგადი. არც იმაზე არ ყოფილა საუბარი, რომ აუცილებლად უნდა გაუქმდეს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა. ეს მათ არ უთქვამთ. იყო სხვადასხვა მოსაზრება. დისკუსიის დაწყების მთავარი ინიციატორი იყო "ქართული ოცნება" და ალბათ, ნამდვილად უპრეცედენტოა, როდესაც ხელისუფლება თვითონ შედის დიალოგში, იწვევს პარტიებს და ცდილობს, რომ გააუმჯობესოს საარჩევნო სისტემა მგონია, რომ ამაში მხოლოდ პოზიტივი უნდა დავინახოთ. 

დღეს იყო საუბარი იმაზეც, რომ ადამიანები, რომლებიც შიმშილობენ და პროტესტს გამოთქვამენ საარჩევნო კოდექსში გარკვეულ ცვლილებებთან დაკავშირებით. ჩვენ ნამდვილად გამოვხატეთ მზაობა იმისთვის, რომ შეწყდეს ეს შიმშილობა და დიალოგი გაგრძელდეს მაგიდასთან. ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ ის პრეტენზიები და ცვლილებები, რომელსაც გვთავაზობენ. რა თქმა უნდა, დისკუსია აუცილებლად საჭიროა და ყველა კითხვის ნიშანი, რომელიც ისმის საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით, უნდა იყოს პასუხგაცემული, რადგან 2016 წლის არჩევნების მიმართ ვინმეს რამე პრეტენზია არ გაუჩნდეს. 

პრობლემა რომ არის ეს ფაქტია. ადამიანები ითხოვენ გარკვეულ ცვლილებებს და აუცილებელია, რომ მაგიდასთან მშვიდად, შიმშილობის გარეშე განვიხილოთ ის ცვლილებები, რომელზეც მათ აქვთ აქცენტები. მე ვარ დარწმუნებული, რომ ეს შედეგს გამოიღებს. 

ჩვენ ათეულობით ცვლილება განვახორციელეთ 2013 წლის შემდგომ. ჯერ თვითმმართველობის არჩევნებისთვის და ამას ნამდვილად ჰქონდა შედეგი. ის პრობლემები, რაც დარჩა აუცილებლად გამოსწორდება მხოლოდ და მხოლოდ დისკუსიით",- განაცხადა კობახიძემ. 

შეგახსენებთ, რომ სასტუმრო "რადისონში" საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციურ პარტიებს შეხვდა. შეხვედრაზე საარჩევნო სისტემის ცვლილება განიხილებოდა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...